სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის სასრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მორიგე ექიმმა თამარ ჟვანიამ განუცხადა.
მისი თქმით, დაშავებულს აღენიშნება პოლიტრავმები და ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანება. არსებული ინფორმაციით მას ამ წუთებში ფოთის ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება და შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.
,,შემთხვევის ადგილზე მისულებს დაგვხვდა მძიმე სატვირთო ავტომანქანა ამოყირავებული, მძღოლი ჩაჭედილი საჭესა და საზურგეს შორის. სამაშველო ჯგუფი დაშავებულის ამოყვანის სამუშაოს ახორციელებდა. ჩვენ პარალელურად ვუწევდით პაციენტს პირველად სამედიცინო დახმარებას. დაახლოებით სამი საათის შემდეგ, გამოიყვანეს პაციენტი და გადავიყვანეთ ფოთის ჰოსპიტალში. დაშავებულს აღენიშნება პოლიტრავმა, ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები",- განაცხადა ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მორიგე ექიმმა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

























