ბათუმის ვიცე-მერი სტიქიის შედეგად ქალაქში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო

ბათუმის ვიცე-მერი სტიქიის შედეგად ქალაქში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო

ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელთან, სულხან ევგენიძესთან ერთად, ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თოდოგაურში მიწის ჩამოშლის გამო ორი ოჯახი დაზარალდა და მიღებულია ამ ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება. ამასთან, მეწყრული პროცესები განვითარდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ასევე, შავლიძეებში, სადაც მეწყრის შედეგად ორ ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა.

დაზიანების გამო შეიზღუდა ბუნებრივი აირისა და ელექროენერგიის მიწოდება, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან შესაბამისი სამსახურები. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.