საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საჩხერის მუნიციპალიტეტი 2 ნოემბერს სახალხო დღესასწაულს „მუხრანი 90"-ს აღნიშნავს. პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, პოეტები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.

„ღონისძიებების ფარგლებში სოფელ სავანეში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით „შემოდგომის სურათები“ გაიმართება, სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნება, ჩატარდება ლიტერატურული კონკურსების - „პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, ასევე სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ლიტერატურული კომპოზიცია "აი ჩემი არგვეთი“ იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება მსვლელობა "ჩემი სამშობლო მაღალია“ ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და დეკლამატორთა გამოსვლების მონაწილეობით. კულტურის ცენტრის საგამოფენო სივრცეში კი ძმებ ვართაგავების პერსონალური ფერწერული გამოფენა "მუხა კვლავაც შეიმოსება“ გაიხსნება. მოგვიანებით, საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - "სიტყვისმოქმედი ერისა“ გაიმართება. დღის განმავლობაში საჩხერეში წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების გამოფენები და საბავშვო ატრაქციონები,”-აცხადებენ საჩხერის მუნიციპალიტეტში.