ცოტნე ანანიძე პატიმრის პრობლემებს გაეცნო

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბათუმის მე-3 საპყრობილეში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.
როგორც ანანიძემ პატიმრის მონახულების შემდეგ განაცხადა, მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულების შეცვლის მოტივით, არასაკვები საგანი გადაყლაპა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
როგორც ანანიძე აცხადებს, პატიმრის ამგვარი ქმედების მიზეზი ბათუმის მე-3 საპყრობილეში მისდამი არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წევრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის გაგზავნილი წერილიდან მიიღო.
გავრცელებული წერილის თანახმად, მსჯავრდებულმა 14 დღის წინ სიცხის საზომი თერმომეტრი გადაყლაპა და ესაჭიროებოდა ოპერაცია, რისთვისაც ის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა.
როგორც პატიმარმა ცოტნე ანანიძესთან საუბრისას განაცხადა, მას არ ჰყავს მშობლები, ბაბუა კი, გარდაბნის რაიონიდან მასთან ჩამოსვლას ვერ ახერხებს და სასჯელაღსრულების სამინისტროს მე-6 ან მე-7 დაწესებულებაში გადაყვანას სთხოვს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შეხვედრის დასრულებისთანავე, მდგომარეობის გათვალისწინების მიზნით, ყველა შესაბამის უწყებას მიმართა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტნე ანანიძის რიგითმე-13 შეხვედრაა.

























