ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს, პრაღაში გასამართ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას ისევ გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს და სხვა პირის ხელმძღვანელობა ამ ფორმატში გათვალისწინებული არ არის

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს, პრაღაში გასამართ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას ისევ გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს და სხვა პირის ხელმძღვანელობა ამ ფორმატიში გათვალისწინებული არ არის.

როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო უწყების თანამშრომლები, ქართული მხრიდან კი, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მისივე განცხადებით, შეხვედრის ზუსტი თარიღის შესახებ უახლოეს მომავალში გაცხადდება.

რაც შეეხება ივან ვოლინკინს, რომელიც რუსული მედიის მიერ კარასინის შემცვლელად სახელდებოდა, აბაშიძე აცხადებს, რომ „მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის“.

„რუსულ მედიაში მართლაც იყო სხვადასხვა ინფორმაციები, მაგრამ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდა საგარეო უწყების მიერ, რაც ჩვენთვის არის დადასტურება იმისა, რომ ამ დელეგაციას უხელმძღვანელებს ბატონი კარასინი. სხვა პიროვნებების დიალოგში მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ე.წ. პრაღის ფორმატი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებას, რაც საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვისა და სტაბილური გარემოს შექმნისთვის აუცილებელია.

„დღეს რუსეთის საგარეო უწყებაში მართლაც დაადასტურეს, რომ ბატონ კარასინს, რომელიც ამჟამად არის ფედერაციის საბჭოს წევრი, ანუ სენატორი, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა მუშაობის გაგრძელება ე.წ. პრაღის ფორმატში.

მოგეხსენებათ, ამ ფორმატში უმთავრესად განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებს. ამ ფორმატის ხელშეწყობით 2012 წლიდან გადაიდგა ნაბიჯები ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა და გაფართოების თვალსაზრისით, რამაც საშუალება მოგვცა 2013 წლიდან რუსეთში გაგვეტანა დაახლოებით, 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია. პარალელურად, ხდება ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება და ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში.

გაფართოვდა რუსეთთან სატრანსპორტო კავშირები, რაშიც ჩართულია მრავალი ქართული კომპანია. ჩვენი ამოცანაა ამ კომპანიებისა და, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვა მიმდინარე დიალოგის ფარგლებში. ამ დიალოგს ხაზგასმით მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარნტიორები, რაზეც არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადებები. აღნიშნული დიალოგი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის ინვესტიციების მოზიდვისა და სტაბილური გარემოს შექმნისთვის“, - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, გრიგორ კარასინის შემცვლელად საქართველოს მიერ, 2007 წლიდან პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი სახელდებოდა. ვოლინკინი 2007 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კიდევ ორ რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნიდან გააძევა. საქმე ეხება ე.წ. „ჯაშუშობის საქმეს“, რომლის ფარგლებში 2007 წელს ოპოზიციის მაშინდელ რამდენიმე ლიდერზე საქმე აღიძრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა