ზვიად შალამბერიძე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა 30 სექტემბერს ბულგარეთთან ხელმოწერილ დოკუმენტზე ისაუბრეს, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ ორი ქვეყნის მოქალაქეები მუშაობის ლეგალურ უფლებას მიიღებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, დესისლავა ივანოვამ, ასევე ბულგარეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა შორის არის განათლების, შშმ ბავშვთა დახმარებისა და კულტურის სფეროს მიმართულებით პროგრამების დაფინანსება.
მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ელჩს, ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში, მხარის რწმუნებულმა ქუთაისში ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფის გაკეთების მზაობა გამოთქვა.
„ალექსანდრე სტოიანოვი ბულგარელი წარმოშობის საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც 1879 წლიდან ქუთაისის ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას ხელმძღვანელობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























