ფოთში, სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით, საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 20-მდე ადამიანი გაიფიცა

ფოთში, სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით, საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 20-მდე ადამიანი გაიფიცა. ისინი რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვენ.

„არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, უბრალოდ, გვინდა ჩვენი ნამუშევარი მივიღოთ. ყველას პრობლემები გვაქვს, ზოგს ავადმყოფი ჰყავს ოჯახში,ზოგს - საბანკო დავალიანება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სათავო ოფისში გვითხრეს ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომელმაც ჩვენ დაგვიქირავა, შესაბამისი თანხა გადავუხადეთო, მუშებს კი არ დაურიგდა ხელფასი. საქმიანობას არ განვაახლებთ, ვიდრე დავალიანებას ბოლო თეთრამდე არ მოგვცემენ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ჯუმბერ ჯგერენაიამ.

ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს. აღნიშნული პროცესი ქალაქში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ სამუშაოებს სხვა ფირმა ასრულებდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა. ფირმის წარმომადგენლები ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

აქციის მონაწილეებს კომპანია TAHAL GROUP-ში უპასუხეს. მათი განმარტებით, დავალიანება არა მათ, არამედ კომპანია „იოლ იაფის“ უნდა მოსთხოვონ, რადგან ისინი მათ მიერ არიან დაქირავებული.

„ამ ადამიანებს შეუძლიათ ეს თანხა მოთხოვონ იმ კომპანიას, რომელთანაც ისინი მუშაობენ, ეს არის , „იოლ იაფი“, რომელიც არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ჩვენ შეგვიძლია შუამდგომლობა გავუწიოთ აქციის მონაწილეებს, მოვაწყოთ შეხვედრა და შევახვედროთ კომპანიის წარმომადგენლებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია TAHAL GROUP-ის წარმომადგენელმა მოშე ტურსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს