თორნიკე რიჟვაძე აშშ-ს კონგრესმენებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ამერიკულ ინვესტიციას გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად ბათუმის პორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ამერიკელმა კონგრესმენებმა ბათუმის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს.

თორნიკე რიჟვაძემ ქვეყნისთვის და რეგიონისთვის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად დავათვალიერეთ ბათუმის პორტი და აქ მშენებარე ახალი ტერმინალი, რომელიც ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება. ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმში ხორციელდება მშენებლობა პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს შესძენს არა მარტო აჭარას, არამედ, მთლიანად საქართველოს“, -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ბათუმში ხორციელდება საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით. კომპანია Wondernet Express Investment Group-ი უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან ერთად ტერმინალის მშენებლობისთვის 20 მილიონი დოლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღიჭურვება ტვირთის გადატანისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით.

რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტერმინალის მშენებლობაზე კონგრესმენებმა, ალექსანდერ მუნიმ და ადამ კინზინგერმაც ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია ამერიკული ინვესტიცია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისთვის. ვუყურებ რა ამ პორტს და მომავალ პოტენციალს, ვხედავ თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ მრავალმხრივი ურთიერთობები, იქნება ეს ეროვნული უსაფრთხოება თუ ეკომიკური უსაფრთხოება. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

აქ პირველად შვიდი წლის წინ ვიყავი და ვხედავ, თუ როგორ შეიცვალა ეს ტერიტორია მას შემდეგ. ვამაყობ იმით, რაც აქ გაკეთდა და იმითაც, რომ მნიშვნელოვანია ამერიკის როლი საქართველოს მომავალი წარმატებისთვის“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

ამერიკელი კონგრესმენები ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს