მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს

მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით, ილია ბეგიაშვილმა და ეკატერინე გალდავამ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კონტრაქტორი აზერბაიჯანული კომპანიის Akelik Group-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

„ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში არც ისე ბევრი განხორციელებულა. დიდია მოსახლეობის რაოდენობაც, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. გვქონდა სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან და პროექტის ზედამხედველებთან, ასეთი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართება, რათა არ ჩამოვრჩეთ სამუშაოების ტემპს”, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების (კანალიზაციის) სატუმბი სადგურის მშენებლობა.

„მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება, დღეის მდგომარეობით სამუშაოების ტემპი დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებთ, პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. ამასთან, სამუშაოების დროს დიდი ყურადღება ეთმობა შესრულების ხარისხს“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა - ჯამში 37 000 - მდე ადამიანი.

მიმდინარე სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 150 მილიონი ლარით აფინანსებს.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ