გარდაბნის თბოელექტროსადგურის, ,,თბილსრესის“ გაფიცულ მუშებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების პროცესს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე, ამირან ზენაიშვილიც ესწრებოდა.
დირექციასთან შეხვედრის შემდეგ, მუშებმა განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობა ხელფასების გაზრდას მხოლოდ 15-20%-ით დაპირდათ, მათი კატეგორიული მოთხოვნა კი, ხელფასების 50%-იანი გაზრდაა.
თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი აცხადებს, რომ მუშებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებითაც.
გარდაბნის თბოელექტროსადგურში, ამ დროისთვის 200-მდე დასაქმებულია გაფიცული, ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მანამდე არ აპირებენ, სანამ შრომითი ანაზღაურება 50%-ით არ გაეზრდებათ. გაფიცული მუშების განცხადებით, მათი ხელფასი 300-დან 700 ლარამდეა, რაც მიზერულია და ამ თანხით ოჯახების შენახვა უჭირთ.