ადვოკატმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მისმა ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გაეცნობა საქმის მასალებს.

„ამ მომენტისათვის ველოდებით გამომძიებელს, რომ გავეცნოთ ბრალის დადგენილებას, გავიგოთ თუ რას ედავება ამ შემთხვევაში სახელმწიფო ირაკლი კაკულიას. მე მიმაჩნია, რომ ზოგადად მისი დაკავება, თუნდაც ამ ფორმით და ამ ეტაპზე, ეს არის შეცდომა, ვინაიდან ვფიქრობ და ვთვლი, რომ კანონის უზენაესობის აღსრულებას არ ემსახურებოდა მისი ამ ფორმით დაკავება. ამიტომ ვნახოთ, გადმოგვცემენ მასალებს და დარწმუნებული ვარ, ის ზოგადად გაჟღერებული ბრალდებები და ბრალდების ფორმულირებები არ დადასტურდება მასთან მიმართებაში.

თვითონ თავს გრძნობს კარგად. მან განმიმარტა რომ, მომართულია იმისათვის, რათა დაასაბუთოს თავისი პოზიცია. მიაჩნია, რომ გარკვეული ქმედებები მის მიმართ რაც განხორციელდა, ის „შავი პიარი“, რაც აგორებულ იქნა, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა გარკვეული პირების ინტერესებს. კონკრეტულად ვის ინტერესებს ემსახურებოდა და რამდენად დასაბუთებულია მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ამას დრო გვაჩვენებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად კიდევ 3 პირი გუშინ დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო