მეუფე დამიანე - სად არის იმ ადამიანების სულიერება, რომლებსაც თითქოს ცხვირი აქვთ გაბრუნებული მეუფე გრიგოლისგან? ისინი აქ პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან?  ჩვენ, პირველ რიგში, უფალთან მოვდივართ და არა ვიღაცის გულისთვის

სად არის იმ ადამიანების სულიერება, რომლებსაც თითქოს ცხვირი აქვთ გაბრუნებული მეუფე გრიგოლისგან? ისინი ვისთან მოდიან აქ, ჩემთან თუ გრიგოლთან? პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან? ჩვენ, პირველ რიგში, უფალთან მოვდივართ და არა ვიღაცის გულისთვის. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს, ჩვენ სხვას უნდა ვასწავლოთ სულიერება, სხვას უნდა ავუხსნათ“,- ამის შესახებ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ მრევლს უყვარს საკუთარი მოძღვარი, მაგრამ არაა სწორი, რომ ეს ადამიანები მეუფე პეტრეს განცხადებებს იზიარებენ და მიყვებიან მას. მეუფე დამიანეს თქმით, მრევლი უნდა დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე გრიგოლს მხარი დაუჭიროს.

„თქვენ რომ ყოფილიყავით სინოდზე და მოგესმინათ, რა იყო, შეიძლება აქ კიდევ ჩხუბი დაგეწყოთ იმათ მიმართ, ვინც არასწორად იქცევა. საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა. არავის არ უნდოდა ეს, მაგრამ მეუფე პეტრე არ გაჩერდა. მეუფე პეტრე ჩვენი ძმაა, ძალიან მწყინს, ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, ვინც აქ არ არიან მათაც, ავუხსნათ, რომ შეცდომას აკეთებენ ისინი. ეს არაა სულიერება, ეს არაა მონაზვნის, სასულიერო პირის ქმედება. აქ რომ გითხრან მღვდელმთავარი არისო და დაგიყენოს სინოდმა, ადამიანი, რომელიც შეიძლება შესახედავად არ მოგწონდეს, მას მაინც უნდა დაემორჩილო, მღვდელმთავარია. პატივი ეცი ეკლესიას და უფალს, მეუფე გრიგოლი და არც ერთი სხვა არ მისულა სინოდში და არც უთქვამს მე ამირჩიეო.

ჩვენ არ ვიცით მეუფე პეტრეს რა დაემართა, აღსარებას აბარებს და ეტყვის, აუხსნის რაშია საქმე და ყველაფერი გაირკვევა. დღევანდელ დღეს ლოცვა გვჭირდება. ვილოცოთ მეუფე პეტრეზეც, გრიგოლზეც, რომელსაც დახმარება უნდა. აქ რაც მეუფე პეტრემ იშრომა, ის კი არ უნდა გავაბნიოთ, პირიქით - შევინარჩუნოთ, ეს არც თქვენია, არც ჩვენია, არც მეუფე გრიგოლის, ეს ღვთისაა, ჩვენ ვიქნებით თუ არა, აქ ანგელოზები ილოცებენ და იგალობებენ ტაძარში. ასე რომ, ნუ ვცდებით. ერთგულება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. სულიერებას არ უნდა გადავცდეთ ერთგულებაში.

უფალი გვეუბნება, რომ თუ შენ შენი გვერდით მყოფი არ გიყვარს, მე როგორ შემიყვარებ, რომელსაც სულ არ მიცნობო. ვილოცოთ და მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. დღეს ძალიან სჭირდება მეუფე გრიგოლს მხარში ამოდგომა. ყველა მღვდელმთავარი მასთანაა“,- განაცხადა ეპისკოპოსმა დამიანემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა