თორნიკე რიჟვაძე - ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მშენებლობა იწყება

აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში, ე.წ.მუყაოს ქალაქის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და მშენებლობა მალე დაიწყება.
რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ე.წ. მუყაოს ქალაქში აშენდებოდა საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულ დასახლებაში 1000- მდე ბავშვია და მათი ოჯახები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს.
„ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა რეგიონში. ე.წ.მუყაოს ქალაქში ჩვენს მოქალაქეებს და 1000 ბავშვს უწევთ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. ჩვენ მათ შევუქმნით ცხოვრების ღირსეულ პირობებს და მუყაოს ქალაქს გადავაქცევდით ახდენილი ოცნების ქალაქად.
რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა.
ცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და მალე გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 580 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას“ , - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
მშენებლობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 16 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
„უკვე მომზადდა პროექტი, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. მუშავდება მონაცემთა ბაზები და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ბინა 580 ოჯახს გადაეცემა“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























