ზუგდიდში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

16-17 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ფართო პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმები (თერაპევტი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, უროლოგი, ზოგადიქირურგი, ანგიო-ქირურგი, ექოსკოპისტი).
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
ბენეფიციარების მიღება დაიწყება 10:00 საათიდან მისამართზე: ზუგდიდი, რეფერალური ჰოსპიტალი; გამსახურდიას ქ. N 206

























