ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი თამბაქოს მოყვანა-რეალიზებით არიან დაკავებული და 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დამატებით ხარჯების გაზრდას და სოფლად თამბაქოს კულტურის განადგურებას შეუწყობს ხელს.
მოსახლეობა მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მათი პროტესტი, რადგან მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს განადგურება მოხდება, რაც მათი შემოსავლის წყაროა.
„გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი მოთხოვნა და შუამდგომლობა გაგვიწიოთ ცენტრალურ მთავრობასთან“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა.
მან შეკრებილებს განუცხადა, რომ საკითხი ცენტრალურ მთავრობაში განიხილება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს.
„აღნიშნულ ინფორმაციას მივაწოდებ მთავრობას“, - განაცხადა ლევან გორგილაძემ.

























