კლინიკა „რუსთავში“ ბავშვთა რეანიმაციისა და პალიატიური მედიცინის განყოფილებები გაიხსნა

კლინიკა „რუსთავში“ ბავშვთა რეანიმაციისა და პალიატიური მედიცინის განყოფილებები გაიხსნა

ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, პირველად რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში,“ ბავშვთა რეანიმაციისა და პალიატიური მედიცინის განყოფილებები გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, კლინიკა ,,რუსთავში“ ორი ახალი განყოფილების გახსნას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიადი ჭუნაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, კლინიკის მედპერსონალთან ერთად დაესწრნენ.

,,ბავშვთა რეანიმაციის განყოფილება, რუსთავში დღემდე არც ერთ კლინიკას არ ჰქონდა და პაციენტების გადაყვანა თბილისში ხდებოდა. დღეიდან, ეს პრობლემა აღარ იარსებებს, ვინაიდან კლინიკა ,,რუსთავმა“ ახალი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება გახსნა საკუთარ ბაზაზე. ამასთან ერთად, კლინიკას დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - პალიატიური მედიცინის განყოფილება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

აღნიშნული პროფილის სამედიცინო მომსახურება, დღემდე, რეგიონის არცერთ კლინიკას არ ჰქონდა. ახალი განყოფილებების სამედიცინო აპარატურით აღჭურვასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში, მილიონ სამასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.