საქართველოს თავდაცვის ძალებს  377 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 377 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი კოჯორში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ფიცის დადება და თავდაცვის ძალებში გაწევრიანება თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, სამშობლოს წინაშე ღირსეული მსახური და წარმატება უსურვა. წვევამდელებს სიტყვით მიმართა ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში გამოვლენილ წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები, ხოლო სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ წვევამდელებს სერთიფიკატები გადაეცათ.

თავდაცვის უწყების ცნობით, წვევამდელებმა ფიცის დადებამდე საწყისი მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ჯარისკაცები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფებში 9 თვის განმავლობაში მათი საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით გადანაწილდებიან და იმსახურებენ.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს