ზუგდიდში ექიმებმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ზუგდიდში ექიმებმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი კოლეგის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის, ნიკოლოზ ჭეჟიას თქმით, მედიცინას საზღვრები არ აქვს. მან ასევე მოუწოდა ოს და აფხაზ კოლეგებს, რომ მათ გვერდით დადგნენ.
„3000-მდე ექიმია დღეს გარეთ გამოსული. პირველ რიგში ჩვენ გვინდა ჩვენს ოს და აფხაზ კოლეგებს მოვუწოდოთ, დადგნენ ჩვენს გვერდით, ქართველი ექიმის გვერდით და მოითხოვონ მისი დროული გათავისუფლება, იმიტომ, რომ მედიცინას საზღვრები არა აქვს. თავისუფლება ვაჟა ექიმს", - ამბობს ნიკოლოზ ჭეჟია.
ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

























