დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან, საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი და აღნიშნულზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების აუცილებლობა იყო. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მსგავსი ქმედებების კატეგორიული მიუღებლობა და ხაზი გაესვა ქართველი ექიმის დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.

ასევე, მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ს ლიდერთა მოახლოებულ შეკრებას ლონდონში და იმას, თუ როგორ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი ალიანსის მაღალი დონის შეხვედრაზე.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მის აქტიურ, პრაქტიკულ ჩართულობას ამ მიმართულებით ნატოს ქმედებებში. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ასევე ითანამშრომლონ შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის და ორი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების წარმოჩენაში.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. დავით ზალკალიანმა და ინე მარიე ერიკსენ სორაიდემ კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის გააქტიურებული ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიფიკაციის გამო.

ხორვატიის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრილჩ რადმანმა და დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხორვატიის წარმატებულ გამოცდილებაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორვატიის პრიორიტეტებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილესთან და ევროპარლამენტარებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა