ალექსანდრე ძნელაძე უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შესაძლო შემცირებაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს

ვფიქრობ, რეაგირება ადეკვატურია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მეტად წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ძნელაძე აცხადებს, აღნიშნული ცვლილება ასევე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინფლაციური წნეხის მოხსნის მიზნით კურსის დასტაბილურებისთვის გადადგმული ნაბიჯი.

„აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად დაასტიმულირებს გარკვეული მსესხებლებისთვის სესხის მიღების შესაძლებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი გაზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მნიშვნელოვნად დაბალია“, - აცხადებს ძნელაძე.

რაც შეეხება საკითხს, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული შეზღუდვა სრულიად გაუქმდეს, ძნელაძე აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვა ლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია და იქიდან გამომდინარე, რომ გაცხადებულია ლარიზაციის გაგრძელება, ამ ჭრილში გაუქმება არ იქნება მიზანშეწონილი.

შეგახსენებთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.

აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია