ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიას მოდერატორობას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უწევდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„2019 წელს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 27 წლისთავი აღინიშნება, 25 წელს ითვლის საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატს შორის პარტნიორობა, ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებიდან 10 წელი გავიდა. ამ 27 წლის განმავლობაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ განვავითარეთ ღრმა, მტკიცე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, ერთად გავიღეთ მსხვერპლი და მომავალშიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ მისიის შესრულებას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დასაწყისში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.

„9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე „ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიცაზია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საქართველოს ნატოსთან სტრატეგიულ დისკუსიაშია ჩართული და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების პერსპექტივების განხილვას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დისკუსიის მონაწილეებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, სამხედრო განათლებასა და წვრთნებს, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება სტრატეგიული მზადყოფნის ცნებას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა „სტრატეგიული მოთმინებით“ მზად ვიყოთ ნატოში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რაც ასახულია კონსტიტუციაშიც და ცხადყოფს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას. მინისტრმა მონაწილეებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გამართავს შეხვედრას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა