ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მომართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასმართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა