ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და მისი წევრი ორგანიზაციები - ახალგორში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ მოსახლეობა ჰუმანიტარულ იზოლაციაში მოაქცია

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გამშვები პუნქტების დახურვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული კრიზისი წარმოქმნა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და მისი წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავენ დაბა ახალგორში, სამხრეთ ოსეთი/საქართველო, შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რაც შედეგად მოჰყვა სამხრეთ ოსეთის რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვას.

ორანიზაციის განცხადებით, დაბა ახალგორში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ მოსახლეობა ჰუმანიტარულ იზოლაციაში მოაქცია. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებსა და რუსეთის ხელისუფლებას, გახსნან აღნიშნული რეგიონებისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები და შეწყვიტონ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ სეკურიტიზაციის არაკანონიერი მცდელობები.

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებმა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი ორი გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში დახურეს. ამ პუნქტებიდან ერთ-ერთი სამხრეთ ოსეთში მდებარე დაბა ახალგორს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებდა. აღნიშნული გამშვები პუნქტის დახურვის შედეგად, დაბა ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს შეეზღუდათ ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებასა და სხვა ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, რადგანაც მსგავსი სერვისების მიღების ერთადერთ გზას ამჟამად მათთვის ქალაქ ცხინვალში ჩასვლა წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

დაბა ახალგორის მოსახლეობა გორში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოდიოდა სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების, პროდუქტის შეძენის მიზნით და პენსიების ასაღებად. დაახლოებით სამი თვის წინ გამშვები პუნქტის დახურვის შედეგად დაბა ახალგორის მოსახლეობისათვის შეიზღუდა აღნიშნული ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება.

9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა დაბა ახალგორთან ახლოს, გამყოფ ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი დაბა ახალგორში მიდიოდა იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას. ექიმს დე ფაქტო ორგანოებმა წაუყენეს ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდება და შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. დე ფაქტო ორგანოებმა, ასევე, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში როგორც სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი. ექიმის ოჯახის წევრები და სხვა სამედიცინო მუშაკები უარყოფენ აღნიშნულ ინფორმაციას. მათი ინფორმაციით, ექიმი ომის დროს მუშაობდა კლინიკაში თბილისში და მკურნალობდა ომში დაჭრილ პაციენტებს.

2019 წლის ოქტომბერში, ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომავალი რეანომობილი, რომელსაც ინსულტის ნიშნებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი მოჰყავდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად, გამშვებ პუნქტზე დე ფაქტო ორგანოების წარმომადგენლებმა არ გამოატარეს. აღნიშნული ქალი მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე, არ გაატარეს გამშვებ პუნქტზე სხვა ქალი, რომელსაც სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა ჭაში ჩავარდნის შედეგად მიღებული მოტეხილობის სამკურნალოდ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამშვები პუნქტების დახურვის მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი დაძაბულობა სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის სხვადასხვა ნაწილებზე. კერძოდ, ისინი უთითებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ წნელისში, საპოლიციო პოსტის აგებაზე. წნელისი ესაზღვრება სოფელ ჩორჩანას, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ორგანოები აკონტროლებენ. დე ფაქტო ორგანოები საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვენ აღნიშნული საპოლიციო პოსტის აღებას. დე ფაქტო ორგანოების უკანონო მცდელობები, მოახდინონ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სეკურიტიზაცია იწვევს არაერთ უფლებადარღვევას. ყოველ წელს, ასობით ადამიანს იტაცებენ და უკანონოდ აკავებენ ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაადგილების თავისუფლების ასეთი ბლანკეტური აკრძალვა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევას.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ორგანოებს:

დაუყოვნებლივ გახსნან სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები და უზრუნველყონ ადამიანების თავისუფალი გადაადგილება;

გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი;

სამხრეთ ოსეთში შესვლის ნება დართონ საერთაშორისო მონიტორინგის მისიებსა და ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა