იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებაზე - ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას

დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, - ასე ეხმაურება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას.
მისი თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველო ისტორიის განმავლობაში პირველად ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
„რა თქმა უნდა, იმერეთი სიამაყით უერთდება ამ ისტორიული დღის აღნიშვნას - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ქუთაისის მერიის შენობაზე გადმოფენილი ბანერებით ამ უმნიშვნელოვანესი დღისადმი ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ.
მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროსაბჭოში პრიორიტეტულ თემებს სწორედ საქართველო განსაზღვრავს, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას.
საქართველო ევროპის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია - მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!", - წერს შალამბერიძე სოციალურ ქსელში.
საქართველო დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ამის აღსანიშნავად ქვეყნის ყველა ადმინისტრაციული შენობაზე ევროსაბჭოს ბანერები არის გადმოფენილი.

























