ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე ორი პოლიციელის მკვლელობაზე - მეწყვილეები იყვნენ - აუხსნელია, რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი

მეწყვილეები იყვნენ. აუხსნელია, რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი, - ამის შესახებ ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა რაიონში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობს, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორმა პოლიციელმა ერთმანეთს ესროლა.

პოლიციელების დაპირისპირების საკითხზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა, რამდენიმე პირს kvirispalitra.ge ესაუბრა.

"ორივეს პირადად ვიცნობდი, კარგი ადამიანები იყვნენ. გოჩა ლენტეხიდან იყო. მესამე დაჭრილი ადგილობრივია, რომელიც შეესწრო ამ ამბავს. ხელოსანი კაცია, გაშველებას ცდილობდა და მიიღო დაზიანება. ბიჭები პატრულირებდნენ ამ ტერიტორიაზე. ეს სოფელი დაშორებულია ცაგერიდან. მეწყვილეები იყვნენ იმ დღეს. აუხსნელია, რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი. ჩვენთან ზოგადად კადრები ძალიან მწირია და ამიტომ ძალიან რთულია მთელი რაიონის სრული კონტროლი. არ ვიცით, რა მოხდა. მანქანიდან გადმოსულები იყვნენ სოფელ ლაჯანას ცენტრში და იქ მოხდა შელაპარაკება. თვითმხილველი ის დაზარალებული პირია. გოჩა ადგილზე დაიღუპა, რომეო საავადმყოფოში. დაველოდოთ გამოძიებას. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა", - აცხადებს ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი რომეო მანდარია "ქართული ოცნების" დეპუტატის, კარლო კოპალიანის ძმისშვილის მეუღლეა.

"რომეო ადგილობრივი იყო, 37 წლის. აგრესიული პიროვნება არ ყოფილა, მშვიდი და კარგი ადამიანი იყო. წლებია პოლიციაში მუშაობს და არასოდეს გაგვიგია მასზე ცუდი. ორი შვილის მამაა. რა მოხდა იქ, ნამდვილად არ ვიცით. მეორე პოლიციელი გოჩა ონიანია, ლენტეხის რაიონიდან. მინახავს ეს პიროვნებაც, ეკლესიური ადამიანი იყო, ხშირად ვხედავდი ტაძარში. რა მოხდა და რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცით. როგორც გავიგეთ, მესამე პირი ადგილობრივია, რომელიც შეესწრო ფაქტს. არასოდეს ამ ბიჭებს შორის უთანხმოება არ გაგვიგია. მიზეზები სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ", - აღნიშნავს ცაგერის მკვიდრი აკაკი პირველი.

შეგახსენებთ, ცაგერის სოფელ ლოჯანაში პოლიციელებს შორის მომხდარი შელაპარაკება მკვლელობით გუშინ, 27 ნოემბერს დასრულდა. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი ადგილობრივი პირი - 60 წლის მურთაზ სილაგაძე, რომელიც შეესწრო ფაქტს და როგორც ამბობენ, მოჩხუბარი პოლიციელების გაშველებას შეეცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და დაწყებულია გამოძიება. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს