„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სიღნაღის საკრებულოს წევრთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზმა გამოკვეთა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ივანე მირიანაშვილისა და მისი გარემოცვის კერძო ინტერესები: მისი შვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა, 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ჯამში 5,375,427.64 ლარის ღირებულების 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს”, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, ივანე მირიანაშვილის შვილმა, დავით მირიანაშვილმა სწორედ მაშინ მიიღო გამარტივებული შესყიდვები და ელექტრონული ტენდერი, როდესაც მამა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა.

„შპს “სეივონმა” რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი დავით მირიანაშვილია, სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან 43,910.16 ლარის ღირებულების 1 ტენდერი მიიღო 2019 წლის 15 მაისს, რომლითაც უნდა გაერემონტებინა ნუკრიანის მე-2 და წნორის პირველი საჯარო სკოლები.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრული იყო 37 212 ლარი (დღგ-ის გარეშე). შპს „სეივონმა“ შესთავაზა 37 212 ლარი, ხოლო შპს “ჯეოლიზ ინვესტმა”, რომელიც მისი ერთადერთი კონკურენტი იყო, განახორციელა შეთავაზება 29 000 ლარის ოდენობით. სატენდერო კომისიამ შპს “ჯეოლიზ ინვესტს” მოსთხოვა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ. სატენდერო კომისიამ შპს “ჯეოლიზ ინვესტს” დაუწესა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად, როცა დაჩქარებული წესით მსგავსი დოკუმენტის გაცემა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხოლოდ 10 სამუშაო დღეში შეუძლია. შპს “ჯეოლიზ ინვესტმა” ვერ დაადასტურა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაბამისად, სატენდერო კომისიამ განახორციელა მისი დისკვალიფიკაცია.

მეორე დღეს, 2019 წლის 16 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან შპს “სეივონმა” ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. დავით მირიანაშვილთან 10 წუთის ინტერვალით გაფორმდა 2 ხელშეკრულება. თითო ხელშეკრულების ღირებულება 20 000 ლარია. ეს გამარტივებული შესყიდვები შპს “სეივონმა” მიიღო, რათა გაკეთებინა სკვერები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ანაგასა და ნუკრიანში”, - ნათქვამია ანგარიშში.

მათი ცნობით, თავად ივანე მირიანაშვილსაც აქვს ბიზნესი, ის არის კომპანია შპს “მ.ს. შენის” დამფუძნებელი. ამ კომპანიამ 18,510 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2015 წელს მიიღო, როდესაც ივანე მირიანაშვილი იკავებდა პარტია „ქართული ოცნების“ სიღნაღის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციას.

მათივე ინფორმაციით, ივანე მირიანაშვილს დეკლარაციაში, სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში, “არაძირითად საწარმოდ” მითითებული აქვს ორი კომპანია, შპს „ინტერ პლიუსი“ და შპს „ორბა 7“, რომლებშიც თავად მირიანაშვილი წილობრივად არ მონაწილეობს. მათი თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” ცნობილი გახდა მათი მფლობელებისა და ივანე მირიანაშვილის მეგობრობის ფაქტი.

„დეკლარაციაში მოცემულმა ინფორმაციამ ფაქტობრივად დაადასტურა ამ კომპანიებსა და მამა-შვილ მირიანაშვილების კომპანიებს შორის არსებული კავშირი, რაც გახდა ამ კომპანიების საქმიანობის შემდგომი შესწავლის საფუძველი”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ივანე მირიანაშვილის სამოხელეო და სამეწარმეო საქმიანობაში არსებობს გარემოებები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მათივე თქმით, იკვეთება კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისა და სახელმწიფო რესურსთან მიმართებით კერძო, მერკანტილური ინტერესების არსებობის ნიშნები.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „სეივონის”, შპს “მ.ს.მშენის”, შპს „ინტერ პლიუსის”, შპს “ორბა 7”-ის, შპს “თი ენ სის” და შპს “ცოტნეს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს ტენდერები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული”.

იხილეთ კვლევა: https://transparency.ge/ge/blog/korupciis-savaraudo-nishnebi-signagis-municipalitetis-shesqidvebshi?fbclid=IwAR0oF9wzDavVza7ikqBRDOCGPK5MZsBt4r6e0VJy-9SdW3aNVrTM_UY_ls8#.Xd9--V3DjYI.facebook

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში