ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2019

რამაზ საყვარელიძე - “სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს”

ახალგორელები შველას ითხოვენ - “ამ ზამთარს ნელ-ნელა ამოვიხოცებით”

ანა დოლიძე - "ივანიშვილსა და სააკაშვილს - თქვენი მენტალური პენსიის დროა, დაგვღალეთ, წადით!”

ლევან გოგიჩაიშვილი - “ივანიშვილის მიზანია, დანარჩენი ოპოზიციაც “ნაციონალებთან” მიდენოს”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს”

“ერთია, როდესაც პროტესტანტებსა და სამართალდამცავებს შორის ხდება შეჯახება და მეორე, როცა მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს, რის შედეგადაც ქვეყანა დიდ ქაოსში გადაეშვება. დიახ, ბოლო პერიოდში უკვე მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რაც ძალიან სახიფათოა. თუ დროულად არ გამოვედით ამ ჩიხიდან, შესაძლოა, გუნდა ზვავად გადაიქცეს”, - აცხადებს ექსპერტი, სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს” / “თუ ეს პოლიტიკური ბულინგი დიდხანს გაგრძელდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების ნაწილი რაღაც ეტაპზე იფიქრებს, რომ ოპოზიცია ძალას იკრებს და ინიციატივა მის ხელშია, რის შედეგადაც შეიძლება ბევრი გადავიდეს ოპოზიციურ ფლანგზე”.

“ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებას” საიმისო არაფერი სჭირდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა - ვფიქრობ, გაცილებით ადვილად შეეძლოთ წარმატების მიღწევა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, ვიდრე ახლა ასეთი ხმაურის, აურზაურისა და “გადამგდებლის” იმიჯის შეძენის შემდეგ. ჩემი აზრით, ეს არის "ოცნების" პოლიტიკური შეცდომა. იმიჯი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. შეიძლება “ოცნებას” ალღომ აქაც უღალატა. ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს... ხელისუფლება ტყუილად ინუგეშებს თავს იმით, რომ ეს აქციები მრავალრიცხოვანი არ არის და მილევადია. მართალია, ბოლო აქციების დროს არც ბევრი ხალხი იყო, სამართალდამცავთა მოქმედებებიც გამოირჩეოდა სიფრთხილითა და კანონის შესაბამისობით, მაგრამ პარლამენტის სხდომების ჩატარება სპეცრაზმის დახმარებით ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ქვეყნის შიგნიდან და არც გარედან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლოკალური პრობლემების შექმნა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ეს პერფორმანსები, რაც ვნახეთ, პრეზიდენტის, პარლამენტარებისა თუ მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას მუდმივად ტოვებს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში, მოქმედებს საზოგადოებაზეც. ლაპარაკი, რომ თურმე ოპოზიცია არასერიოზულად იქცევა და ამით თავის დამშვიდება პრობლემების გამარტივების ცდაა... გარდა ამისა, ეს ყველაფერი აჩენს არასტაბილურობის განცდას, მუდმივად სტრესში ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს, მოქმედებს ეკონომიკაზე. თუ ეს პოლიტიკური ბულინგი დიდ­ხანს გაგრძელდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების ნაწილი რაღაც ეტაპზე იფიქრებს, რომ ოპოზიცია ძალას იკრებს და ინიციატივა მის ხელშია, რის შედეგადაც შეიძლება ბევრი გადავიდეს ოპოზიციურ ფლანგზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელთან შედარებით დღეს კარდინალურად შეცვლილი ვითარებაა, “ვარდების რევოლუციით” “ნაციონალურმა მოძრაობამ” კარგად ისწავლა, რომ ასეთი რყევებით შეიძლება ხელისუფლებას აგურ-აგურ გამოაცალო მისი გუნდისა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, ეს სტრატეგია, რაც მათ და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა გვაჩვენეს, ნამდვილად არ არის უმიზნო. აქ გასათვალისწინებელია გარე საფრთხეებიც, რაც თავიდანაც ვახსენეთ. ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში დაძაბულობის ესკალაცია აშშ-ის ინტერესებში არ შედისო. ვფიქრობ, მისი ინტერვიუს ხარვეზი იყო ის, რომ არ დააზუსტა, რომელი ქვეყნის ინტერესებში შედის არეულობა საქართველოში. დღეს ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობა და ქაოსი ისე არავის აძლევს ხელს, როგორც რუსეთს. მას ანაკლიის პროექტის ჩაშლა სჭირდება. ეს ყველას უნდა ახსოვდეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც! სამწუხაროდ, ფიქრის, ანალიზის დეფიციტი ახალი პრობლემა არ არის ქართულ პოლიტიკაში. კარგი იქნება, ოპოზიციაც დაფიქრდეს იმაზე, როგორ გაძლიერდეს. ინტელექტუალურად და პოლიტიკურად ძლიერი ოპოზიცია იქნება ამომრჩევლისთვის საშუალება, რომ აიძულოს ხელისუფლება, მოიქცეს სწორად. როცა ოპოზიცია სუსტია, ნებისმიერი ხელისუფლება თამამდება” - დასძენს საყვარელიძე და შეკითხვაზე - “როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მამუკა ხაზარაძის “ლელო”, დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” თანამშრომლობას აპირებენ...” - პასუხობს:

“მე მივესალმები ამ თანამშრომლობას. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ და რით დაამახსოვრებენ თავს საზოგადოებას. ჯერჯერობით ამ პროცესების ფონზე მიჭირს მათი შანსების შეფასება”.

“რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის შეხვედრას, გგონიათ, კარასინმა ტყუილად შემოაგდო თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა?! ეს ყველაფერი სახიფათო ამბავი მგონია... რუსეთს სჭირდება არეულობა - გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ რუსეთისთვის მოულოდნელი იყო, რაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვის გამოჩენას მოჰყვებოდა. ამ რაღაც ცენტრის შექმნის ინიციატივით რუსეთი არეულობის ახალ ნაღმს ხომ არ დებს საქართველოში?! მით უფრო, თუ კარასინის ინიციატივის შესახებ ხელისუფლებაში მართლაც არაფერი იცოდნენ... უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. პოლიტიკური დაპირისპირება უნდა იყოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სპეციფიკა ისე, რომ წყალი რუსეთის წისქვილზე არ დავასხათ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდა, დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს”, - დაასკვნის ექსპერტი.

ახალგორელები შველას ითხოვენ - “ამ ზამთარს ნელ-ნელა ამოვიხოცებით”

“1500-ზე მეტი მძევლად აყვანილი ადამიანი - ახალგორელები შველას ითხოვენ. ადგილობრივები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ თუ ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი არ გაიხსნა, ამ ზამთარს მოსახლეობა ნელ-ნელა სიცივით და შიმშილით ამოიხოცება. თითქმის მესამე თვეა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობს. დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებისთვის გადაადგილების შეზღუდვას არ განმარტავს. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზი წნელისის ქართული საგუშაგოა, რომლის აშენების საპასუხოდ დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალგორელები შველას ითხოვენ - “ამ ზამთარს სიცივით და შიმშილით ნელ-ნელა ამოვიხოცებით”.

“ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობის დასახელებისგან მისი თხოვნით თავს ვიკავებთ, ჰყვება, რომ ახალგორში სიტუაცია დღითი-დღე მძიმდება. პენსიონერებს ფული გამოელიათ, ავადმყოფები ვერ იღებენ კვალიფიციურ დახმარებას და პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. მათ არავის იმედი აღარ აქვთ, რომ თბილისში ან კიდევ ცხინვალში პრობლემას გადაწყვეტენ. ხშირია ფაქტები, როდესაც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიისა და, შესაბამისად, გათბობის გარეშეა ხშირად დარჩენილია საავადმყოფოც, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ხვდება. ე.წ. უშიშროების კომიტეტმა კი “შავი სია” შეადგინა, რომელშიც 3 წლის ბავშვიც კი მოხვდა. ადგილობრივი ამბობს, რომ ეს “შავი სია” პერიოდულად იზრდება. საშვზე 35-ზე მეტ ადამიანს უკვე უარი ეთქვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში უმძიმეს სიტუაციაა. 1500-ზ მეტი ადამიანი ოსურმა მხარემ მძევლად აიყვანა. მოსახლეობას არა აქვს არც რუსული და არც ოსური პასპორტი. ვერ იღებენ პენსიებს. პურსაც კი ნისიად ვყიდულობთ. აფთიაქებში არ არის ელემენტარული ტკივილგამაყუჩებელი. მაღაზიები დაცარიელებულია, ვისაც რამე აქვს შემორჩენილი სამმაგ და ოთხმაგ ფასებში ყიდიან. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სამი თვეა არავის არაფერი აუღია. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც სასწრაფოდ ქიმიოთერაპია ესაჭიროებათ. შეშა და ფქვილი ძვირია. არის სიტუაცია, როდესაც ელექტროენერგია მიდის და ხან 36 საათის განმავლობაში არ მოდის. ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ არ ვიცით, ალბათ ასე სიცივით და შიმშილით ნელ-ნელა დავიხოცებით. აქ არიან ასევე ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტებიდან გამორიცხვის საფრთხის წინაშე დგანან. ზოგის ოჯახის წევრები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე იქით დარჩა, ზოგიც აქეთ. თუ ვინმე ცხინვალიდან პროდუქტს ჩამოიტანს იმდენად ძვირია, რომ გაღატაკებული ხალხი ყიდვას ვერ ახერხებს. ნისიადაც აღარ უნდათ მოცემა, რადგან არვინ იცის ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ალბათ, როცა ე.წ. საზღვარს გახსნიან ცოცხლები აღარ დაგხვდებით”, - აცხადებს ადგილობრივი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

“ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ამ შეზღუდვას მოჰყვა. 29 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა, რაც ევროკავშირმა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ტრაგიკულ მაგალითად შეაფასა. გარდა ამ ფაქტისა, ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს. დღემდე ასევე პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 15 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი ჭაში ჩავარდნილი პაციენტის მოსანახულებლად მიდიოდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი, რაც ახლა ახალგორთან დაკავშირებით ხდება, ომის დროსაც არ ყოფილა. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალგორში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა, თუმცა უკვე მესამე თვეა ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა არ ჩანს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს ხელისუფლება თავის თანამოქალაქეებს უნდა დაეხმაროს. არსებობს პირდაპირი კონტაქტები, ასევე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სიის შედგენა რა სახის მედიკამენტები და პირველადი სახის დახმარება ესაჭიროებათ. ამის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ წითელი ჯვრის ან სხვა კონტაქტების დახმარებით, ადგილობრივებს უნდა გაუგზავნოს. ახალგორელები აღშფოთებულები არიან იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, მათი საკითხი არ დაისვა და ამ პრობლემის მოგვარებაზე თავს არავინ იწუხებს. ადგილობრივები იმაზე ბრაზობენ, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ახალგორის ჩაკეტვა ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც თუ გინდ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრებას მოჰყვა. რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილის დაკავებას რომ აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა, ამაზე ადგილობრივები არც დავობენ, მაგრამ უკვე მესამე თვეა არანაკლებ მძიმე პრობლემის ირგვლივ, რასაც ამდენი ადამიანის ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნა ქვია, არავინ არაფერს აკეთებს. მეც მიკვირს, რატომ არ მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან ერთად ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“სიტუაცია ასევე ლავროვის და ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ გაუარესდა. მაინტერესებს საერთოდ რა იყო მათი ნიუ იორკში შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა, თუ არა ახალგორის პრობლემა... ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ თუნდაც ოსეთის მხრიდან და მათთან საუბარი და კონტაქტი დღემდე მაქვს. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის საუბარი და აქვთ კონტაქტები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. თუმცა ესენი მე მეუბნებიან, რომ მათ არავინ ეხმაურებათ და არანაირი საუბარი არ მიდის. არანაირი რეზულტატი არ გვაქვს, პირიქით, სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. თუ კონტაქტები არის, სიტუაცია უფრო რატომ ფუჭდება? მე როდესაც მინისტრი ვიყავი, ექიმის გადასვლაზე ვურეკავდი, ვუთანხმებდი და მანქანით გადადიოდა, რომ ადგილობრივებისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. სერგეენკო ყოველთვის მეხმარებოდა, რომ ახალგორელებისთვის მედიკამენტები მიმეტანა. ასეთი რამ ომის დროს არ მომხდარა. ეს არის კატასტროფა. არ იციან საქმე როგორ გააკეთონ და ხალხი ასე უყურადღებოდ უკვე მესამე თვეა დატოვებული ჰყავთ. არსებობს რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ჩამოვიდნენ და მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები ვლადიკავკაზიდან ახალგორელებს შეუტანონ. ამას ყველაფერს გაგება და მუშაობა უნდა", - დასძენს ზაქარეიშვილი.

ანა დოლიძე - "ივანიშვილსა და სააკაშვილს - თქვენი მენტალური პენსიის დროა, დაგვღალეთ, წადით!”

“14 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა. ხელისუფლებამ საბოლოოდ შეირცხვინა მსოფლიოში თავი. მე სამოქალაქო სანქციის მომხრე ვარ, ხელისუფლებამ სილის შემოლაწუნება უნდა იგრძნოს”, - თვლის საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი ანა დოლიძე, რომელიც ივანიშვილსა და სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს და ორივეს წასვლისკენ მოუწოდებს. “თქვენი მენტალური პენსიის დროა, დაგვღალეთ, წადით!”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით ანა დოლიძე: „ფსიქოანალიტიკური დუელი უნდა დამთავრდეს!“

“ახლა რაც ხდება, ამას ორი მიზეზი აქვს - გერმანული მოდელის თემა ემოციურად არ არის ახლოს ხალხთან. 11-წლიანი უმაღლესი იურიდიული განათლება მაქვს და მეც ძლივს ვიგებ გერმანული მოდელის არსს; მეორე - უამრავ ადამიანს და მათ შორის მეც არ მსიამოვნებს, რომ აქციაზე “ნაცმოძრაობის” სახეები დომინირებენ. მივესალმები პროცესებს, რომლებსაც “სირცხვილიას” ახალგაზრდები ატარებენ, მაგრამ იქ დგანან გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, რომლებმაც 20 წლის წინ უკვე ჩაატარეს ასეთი ოპერაცია სახელად “კმარა” და ეს ნამდვილად არ მსიამოვნებს. მე დავდივარ აქციებზე, მაგრამ უამრავი მოქალაქე მწერს სოციალურ ქსელში, რომ არ მოსწონთ ეს პროცესები, თორემ მოსახლეობის უმეტესობას პროპორციული არჩევნები უნდა. მე საზოგადოებრივი საკითხებით ვარ დაკავებული და მინდა რაღაცები შეიცვალოს. თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება არ შედგება, მომხრე ვარ, წნეხი გაგრძელდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა დოლიძე.

“რიგგარეშე არჩევნები აწყობს მხოლოდ ორ ძალას - “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” და ეს ქვეყანაში ახალი ძალების გამოჩენის საშუალებას არ იძლევა. მე ამ ოპოზიციურ ფორმატში არ ვმონაწილეობ და თუ ოპოზიციური სპექტრი ამას მიაღწევს, ვფიქრობ, ისევ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, “ოცნება” ვერ მოიგებს და რიგგარეშე არჩევნები იმიტომაც არის ცუდი, რომ ახალ ძალებს ვერ წარმოშობს, ამას დრო სჭირდება... ზუსტად ვიცი, სააკაშვილი გამოვა და იტყვის, რომ ივანიშვილი უნდა დამთავრდეს, ივანიშვილი კი ყველას “ნაციონალად” მონათლავს. ქართველი ხალხი, რომელსაც ათასი პრობლემა აქვს, საერთოდ არ ადარდებს მიშა-ბიძინას. ეს ფსიქოანალიტიკური დუელი უნდა დამთავრდეს! ფაქტია, სურთ, პოლიტიკური ველი გაინაწილონ და საბოლოოდ შემოგვრჩეს ორპარტიული სისტემა. 2020 წლის არჩევნებში გვექნება ამ სისტემის გარღვევის შანსი”, - განაგრძობს დოლიძე და შეკითხვაზე - “ლელო”, “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” თანამშრომლობას იწყებენ...” - პასუხობს:

“თუ ვიღაცებს ამბიცია აქვთ, გაარღვიონ ორპარტიული მონოპოლია, მისასალმებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ დასავლური კურსი. ვინ მოახერხებს ამას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჰორიზონტზე ახალი ძალების გამოჩენა მნიშვნელოვანია!”

ლევან გოგიჩაიშვილი - “ივანიშვილის მიზანია, დანარჩენი ოპოზიციაც “ნაციონალებთან” მიდენოს”

ცოტა ხნის წინ ცნობილი შეიქნა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი თანამოაზრეებთან ერთად ქმნის ახალ ფრაქციას “დამოუკიდებელი დეპუტატები”. მის შემადგენლობაში იქნებიან მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე. როგორი იქნება ფრაქციის დღის წესრიგი და ახალი გუნდის როლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით რა პოზიციას დაიკავებენ პოლიტიკურ „ომში“ დამოუკიდებელი დეპუტატები / ლევან გოგიჩაიშვილი: „ივანიშვილის მიზანია, დანარჩენი ოპოზიციაც „ნაციონალებთან“ მიდენოს“.

“ჩვენი ახალი ფრაქცია, ახალი დღის წესრიგითა და ხედვით, მომავალზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაკავშირებს. ვართ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მემკვიდრეები, ერთი ნაბიჯითაც კი არ გადაგვიხვევია თავისუფლების გზიდან. ჩვენი მისიაა თავისუფლებისა და დემოკრატიულობის განმტკიცება. რაც შეეხება ეკა ბესელიას, თამარ ჩუგოშვილს -ნებისმიერი ჩვენი კოლეგა, რომლებთან ერთად ბევრი კარგი რამე გვაქვს გაკეთებული, ჩვენთვის ძვირფასია, მათთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს. იმედია, სწორი პოზიციის ადამიანები პარლამენტში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანას შეძლებენ და ეს არ იქნება არც “ოცნების” და არც “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილი.

“ივანიშვილმა თქვა, რომ დღეს ფული მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” აქვთ - ასეთი მოცემულობა ნამდვილად გვაქვს: ფული აქვს “ოცნებას”, ხოლო ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხისთვის მოპარული ფული შეენარჩუნებინა “ნაცმოძრაობასაც”. მეტიც, ყველაფერი გააკეთა, რომ კეზერაშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება გაქარწყლებულიყო და “ნაციონალების” მიერ მოპარული თანხები კონცენტრირებულიყო იმ ჯგუფებზე, რომლებიც მას ძალაუფლებას ვერ წაართმევენ. დღეს რომ “ნაცმოძრაობა” არსებობს თავისი “ევროპული საქართველოთი” და სხვა განშტოებებით, ივანიშვილის დამსახურებაა. ახლა გვეუბნება, არაფერი გამოვა, ბილეთს გაგიიაფებთ და ქვეყნიდან წადითო. 2012 წელს ის იყო გმირი, ლიდერი, რომელიც შეებრძოლა სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ ახლა ის უიმედო ლიდერია, რომელიც შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ გვეუბნება, რომ “ნაცმოძრაობას” მაინც სჯობია, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როდესაც მე “ოცნების” წევრი გავხდი, გუნდის ოფიციალური ლიდერი იყო გიორგი კვირიკაშვილი და რეალობაც იყო სხვაგვარი - გუნდი იყო ორიენტირებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სასამართლო რეფორმის გატარებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო. შესაბამისად, ვეღარ დავინახე ჩემი თავი იმ რეალობაში, რომელიც ივანიშვილმა თავისი “მეორედ მოსვლის” შემდეგ შექმნა. ჩხარტიშვილის, მამაცაშვილის, “რიჟასა” და მსგავსი წურბელების გვერდით ჩემი და ჩემი მეგობრების ადგილი არ იყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველა შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით გავაჩინოთ ახალი პოლიტიკური პლატფორმა და დავანგრიოთ “ოცნებისა” და “ნაციონალების” შექმნილი ორპოლუსიანობა. თქვენ გგონიათ, “ნაცმოძრაობას” მართლა პროპორციული არჩევნები უნდა? თავის დროზე სააკაშვილმა ეს მოდელი გააკრიტიკა. “ნაცმოძრაობა”, როგორც ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ორიენტირებული ძალა, ცდილობს ადამიანური სენტიმენტები გამოიყენოს ქაოსის შესაქმნელად და გადატრიალების მოსაწყობად. “ნაცმოძრაობა" და "ოცნება” ყალბი ორგანიზაციებია, საკუთარ დღის წესრიგს არგებენ პოლიტიკურ რეალობას. ნახეთ, რას ცდილობს ივანიშვილი - ინტერვიუში­ მხოლოდ “ნაცმოძრაობაზე” ისაუბრა. მისი მიზანია, დანარჩენი ოპოზიციაც “ნაციონალებთან” მიდენოს და ყველას ერთი საერთო სახელი დაარქვას. ფიქრობს, რომ თუ ასეთ რეალობას შექმნის, მას ვეღარავინ მოერევა. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ამ ორ მონსტრს უნდა შევუქმნათ დისკომფორტი”, - დასძენს ლევან გოგიჩაიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს