გორში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, წითელი ლენტი სკოლის დირექციასთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გაჭრეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ახლად რეაბილიტირებული საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები და სპორტული მოედანი დაათვალიერეს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაესაუბრნენ და კონცერტსაც დაესწრნენ.
პირველ სკოლასთან ერთად 2019 წელს გორის მერიამ მუნიციპალიტეტის 24 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 1 611 432 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხიდან 326 000 ლარი პირველ სკოლას მოხმარდა.