საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში საუკეთესო ახალგაზრდული პროექტები გამოვლინდა

გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, დანიის მთავრობის ხელშეწყობით კონკურსი ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაეროს განვითარების პროგრამიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის შედეგად ხუთი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა და მასში, ხუთი მუნიციპალიტეტის თხუთმეტმა ახალგაზრდულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

სპორტული მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები, გასართობი სათავგადასავლო პარკი, ახალი ბულვარი და თანამედროვე ტურისტული ცენტრი. ეს იდეები, რომელიც მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცის მოწყობასა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება, ახალგაზრდებს ეკუთვნით.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.

„ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე და დონეზე. კონკურსის მონაწილეები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან. ეს კარგი საშუალებაა ახალგაზრდების გააქტიურებისათვის, მათი საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში ჩართვისთვის“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

ახალგაზრდული კონკურსი საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - გარდაბანში, ხაშურში (სურამში), ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში, სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარდა. ხუთი საუკეთესო ინიციატივა საყოველთაო კენჭისყრის წესით გამოვლინდა, რაშიც 2,300 მოქალაქე ჩაერთო. კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგი, რომლის მსვლელობისას ახალგაზრდებმა ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება, წარდგენა და ადვოკატირება ისწავლეს. კონკურსი ჩეხურმა ორგანიზაციამ „AGORA Central Europe“ ჩაატარა.

„საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდები ხშირად საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ, რაც იწვევს მათ მიგრაციას თბილისში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მდგომარეობის გამოსასწორებლად ისინი უნდა ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის მუნიციპალური ინვესტიციების საკითხებში,“ - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

მომავალ წელს კონკურსში გამარჯვებულები ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან, სადაც თანატოლებს შეხვდებიან და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან. ახალგაზრდული იდეების კონკურსი გაიმართა UNDP-ის ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მმართველობის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესებას ემსახურება. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, დანიისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა