„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებასა და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 2 დეკემბერს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებაზე, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზირებული და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღია წყაროებით გავრცელებული მასალა ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ ობიექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში წარიმართოს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ დაწყებული გამოძიება.

„დაპირისპირება აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის: 2 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დღის პირველ ნახევარში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაკავებას ქალაქ მცხეთაში. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისზე პლაკატების გაკვრა დაიწყეს, რამაც მმართველი პარტიის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია.

ღია წყაროებით გავრცელებული მასალა ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მედია საშუალებებმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის (რის შედეგადაც 5 აქტივისტი დაშავდა) არაერთი ფაქტი გადაიღეს. კონტრაქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა აქციის ერთ-ერთი მონაწილეს თვალში მოხვდა.

პოლიციამ შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო - მიუხედავად არაერთი ჩანაწერისა, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები დემონსტრანტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, პოლიციას არც ერთი კონტრდემონსტრანტი არ დაუკავებია. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაიწყო.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციას ეკისრება „შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, რაც პირდაპირ მოიაზრებს პოლიციის ვალდებულებას, მშვიდობიანი დემონსტრანტები დაიცვას კონტრდემონსტრანტების და სხვა პირთა ძალადობრივი ქმედებებისაგან, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან ფიზიკური განცალკევების და ძალადობის აღკვეთის გზით.

ამის საპირისპიროდ, მედია საშუალებებით გავრცელებული არაერთი კადრიდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციამ ხელი არ შეუშალა კონტრაქციის აგრესიულად განწყობილ მონაწილეებს - მიახლოვებოდნენ დემონსტრანტებს და, ამგვარად, ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.

მოვლენების შეფასება- „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, უკანსაკნელ პერიოდში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა დემონსტრანტებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების გატარების სანაცვლოდ, დაზარალებული მხარის გარიდება შემთხვევის ადგილიდან, რაც მოძალადე ჯგუფებში დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს მომავალ ძალადობას.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დაკვირვების შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პოლიციას გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს წესრიგი, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის უფლება და კანონის შესაბამისად აღკვეთოს ნებისმიერი სამართალდარღვევა.

რეკომენდაციები : ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს: გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის.

თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ძალადობის პროვოცირება მოახდინოს.

მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს: მიმდინარე მოვლენების შეფასებისას მაღალი პასუხისმგებლობით იხელმძღვანელონ, რადგან მათი განხადებები, შესაძლებელია, პირდაპირ იქნეს აღქმული ძალადობისკენ მოწოდებად.

სამართალდამცავ ორგანოებს: ობიექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში წარიმართოს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე დაწყებული გამოძიება და გამოძიების შედეგები ეცნობოს საზოგადოებას.

დაპირისპირებული მხარეების მიერ გამართულ შეკრებებსა და კონტრდემონსტრაციებზე ძალადობის თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ უზრუნველყოს დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან განცალკევება, ძალადობის პრევენცია და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება“, - აღნიშნულია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა