PISA 2018-ის კვლევის თანხმად, საქართველოს შედეგები მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წიგნიერებაში გაუარესებულია

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს შედეგები 2015 წელთან შედარებით ყველა ნაწილში - მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია. აღნიშნულ შედეგებზე შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ისაუბრეს.

კერძოდ, კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მონაცემები კითხვაში, 2018 წელს 2015 წელთან შედარებით, 3 პუნქტით არის გაუარესებული და 380-ს შეადგენს; მათემატიკაში საქართველოს მონაცემი 2015 წელს 404 იყო, ხოლო 2018 წელს 398-ია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 2018 წლის შედეგი 383, 2015 წელს კი 411 იყო.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2009-2018 წლებში საქართველოს ტენდენცია კითხვაში 6 ქულით, მათემატიკაში 19 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 12 ქულით გაუმჯობესდა.

PISA 2018-ის შედეგების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, PISA 2018-ის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისმა ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ შეაჯამა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, პრობლემებია წიგნიერების კომპონენტში, თუმცა გენდერული განსხვავებები კითხვაში გოგონებსა და ბიჭებს შორის წინა წლებთან შედარებით 60 ქულიდან 38 ქულამდე შემცირდა.

„PISA 2018-ის შედეგები გვაჩვენებს, რომ ათწლიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს პოზიტიური ტენდენცია - მათემატიკაში 19-ქულიანი, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 10-ქულიანი გაუმჯობესებაა. პოზიტიური ტენდენციები იკვეთება თანასწორობის კუთხითაც, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა უფრო მეტი ნაწილი ახერხებს უკეთესი შედეგების ჩვენებას ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ საერთაშორისო კვლევის ფარგლებში ხდება მოსწავლეთა კომპეტენციების შეფასება კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. აღსანიშნავია, რომ PISA-ს ყოველ ციკლში ამ სამი სფეროდან ერთ-ერთი ე. წ. წამყვან სფეროს წარმოადგენს - ტესტში დავალებების უმეტესობა სწორედ ამ სფეროდან არის შერჩეული და მათ ტესტირების დროის ნახევარზე მეტი ეთმობა. 2018 წელს (ისევე, როგორც 2000 და 2009 წლებში) წამყვან სფეროს კითხვა წარმოადგენდა. საქართველოს მოსწავლეები ფინანსური წიგნიერების სფეროში კომპეტენციების შეფასებაშიც მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA-ს ძირითად მიზნებია იმის შეფასება, თუ: რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის;

რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

PISA –ს შეფასების ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით. ის ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს.

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA), როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო, შემდეგ მან მონაწილეობა 2015 და 2018 წლების ციკლებში მიიღო, განსხვავებით 2012 წლისგან. ამ ციკლში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა საქართველოდან 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ მიიღო.

PISA 2018-ის ტესტებში მიღებული ქულები (ანუ ის ერთეულები, რომლებშიც შეფასების შედეგები არის გამოსახული) ერთმანეთს ადარებს როგორც ქვეყნებს, ასევე PISA-ს წინა ციკლების შედეგებს. PISA-ს შედეგების ინტერპრეტაციის გასამარტივებლად შეფასების სკალა დაყოფილია მიღწევის დონეებად.

PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა - ქაღალდზე.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამჟამად მუშაობს ეროვნულ ანგარიშზე, რომელიც საბოლოო ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს გააერთიანებს.

კვლევაში საქართველომ მონაწილეობა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (Millenium Challange Corporation) ფინანსური მხარდაჭერით მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა