აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა ლოზუნგებით - "იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა", "გვისმინე რადიოში და არა ტელეფონში“ აქცია გამართეს

"იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა", "გვისმინე რადიოში და არა ტელეფონში",- ამ ლოზუნგებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილმა მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.

ჟურნალისტების განცხადებით, ახლად არჩეული დირექტორი მაუწყებლის საინფორმაციო ნაწილს ეხება და პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

"22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე.

პირველი რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციაო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა.

ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და „სპექტაკლების დადგმაში“ დაანადაშაულა. გვითხრა, რომ არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთო-ს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს.

აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ, იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე",- განაცხადეს ჟურნალისტებმა.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.

„აჭარაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს შევხვდე“,- განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტების განცხადებებს გაეცნობა, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აჭარის მაუწყებელი კერძო ტელევიზია არ არის და იქ მიმდინარე პროცესები საქართველოს მედიაზე გავლენას ახდენს.

ნინო ლომჯარია ხვალ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად რამდენიმე დღის წინ გიორგი კოხრეიძე აირჩიეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა