პროკურორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მტკიცებულებები მიიღო, რომ ნამდვილად გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო 76 000-მდე ევროს ღირებულების ავტომობილი,  გადაღება შეწყდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების კახა დამენიას, ზურაბ იაშვილის და ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო დღეს განიხილავს მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობისა და სისხლის სამართლის საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხს. გუბელაძის თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა კანონით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ფაქტს ადასტურებს. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს,რომ საქმე სრული მოცულობით არსებით განხილვაზე გადავა.

ამასთან, პროკურორი ზვიად გუბელაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის ოჯახს ფარულად უთვალთვალებენ და ამის ამსახველი ჩანაწერები მიიღო. პროკურორის თქმით, ამ საკითხზე გვარამიას განცხადება „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა იყო“.

მისივე თქმით, ამავე დროს, ეს არის მცდელობა იმისა, რომ მძიმე ბრალდებებისგან ყურადღება გადატანილი იყოს სხვა გარემოებებზე.

"2019 წლის 1-ელ ნოემბერს ბრალდებულ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა- ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი. ამ სქემის შენიღბვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილი გააფორმა კომპანიის შპს "პროესკო მედიის" სახელზე. სწორედ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში იმის დასადგენად, თუ რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლობდა, ჩვენი მხრიდან არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა უშუალოდ ავტომობილზე. მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხდებოდა ავტომობილზე გადაღება. მას შემდეგ რაც გამოძიებამ მტკიცებულებები მიიღო, რომ ნამდვილად ბრალდებულ ნიკა გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო ეს ავტომობილი და ისინი სარგებლობდნენ, ვიდეო-გადაღება შეწყდა",- განაცხადა გუბელაძემ.

მისი განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სრული დაცვით ხდებოდა. მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედების საფუძველი იყო სასამართლოს განჩინება. როგორც პროკურორი ამბობს, მიზანი იყო, მხოლოდ ის, რომ დადგენილიყო ვის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი.

"ეს ვიდეო ჩანაწერი საქმეს ერთვის როგორც მტკიცებულება. საქმის სასამართლოში წარმართვამდე რამდენიმე დღით ადრე, დაცვის მხრეს, გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს გადაეცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის, ეს ვიდეო ჩანაწერი. იქვე განემარტა, რომ ამ ვიდეო-ჩანაწერს, ბრალდების მხარე იყენებდა, როგორც მტკიცებულებას ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ. შესაბამისად, სხვა რაიმე შეფასებები, რაც გაკეთებულა ან მომავალში გაკეთდეს, ჩემი აზრით, ეს არის სპეკულაცია", განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებული ნიკა გვარამია სასამართლო სხდომებზე მის ფინანსურ მდგომარეობაზე აპელირებდა.

"ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ საკუთრებაში მანქანაც კი არ ჰყავს და მისი მეგობრების მანქანით გადაადგილდება. შესაბამისად, ამის შემდგომ მისთვის დამატებითი კითხვის დასმა, რომ ჰყავს თუ არა სხვა ავტომობილი, ან მისი ოჯახი სარგებლობს, თუ არა სხვა ავტომობილით, ვფიქრობ, აზრს კარგავდა", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა