იმიტირებულ სასამართლო პროცესში თსუ-ს გუნდის წარმატება აკადემიკოს ლევან ალექსიძეს მიეძღვნა

საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელს, აკადემიკოს ლევან ალექსიძეს მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წარმატება საერთო ევროპულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ლტოლვილთა სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. გუნდის წევრმა იოსებ ედიშერაშვილმა კი კონკურსის საუკეთესო მომხსენებლის ჯილდო დაიმსახურა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თსუ-ს საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრიდან აცნობეს.

თსუ-ს გუნდი ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლის ცენტრის დირექტორის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით შეირჩა. თსუ-ს გუნდს წარმოადგენდნენ საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტები თამარ რუსეიშვილი, იოსებ ედიშერაშვილი და ანა თაბაგარი, გუნდის მწვრთნელი კი თსუ მაგისტრი რევაზ ტყემალაძეა.

საერთაშორისო კონკურსს ლუბლიანას უნივერსიტეტმა სლოვენიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ნახევარფინალური და ფინალური რაუნდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხდომის ფორმატში ჩატარდა. მონაწილეები სხვა ექსპერტებთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე მაურო პოლიტიმ, სედრიკ კოტემ (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) შეაფასეს. ქართველმა სტუდენტებმა საერთაშორისო სამართლის ისეთი აქტუალური საკითხების გარშემო იმუშავეს, როგორიცაა საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის საფუძველზე პირის ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა, შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანის კანონიერება, კიბერ-თავდასხმა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადების მართვა და ნებაყოფლობითი რეპატრიაცია წარმოშობის სახელმწიფოში.

კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

პროფესორი ქეთევან ხუციშვილი ასევე მიწვეული გახლდათ კვირეულის ფორმატში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "იძულებითი გადაადგილება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად: დაცვის გარანტიები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში და მისი მნიშვნელობა" მონაწილეობისთვის. მისი მოხსენება იძულებითი გადაადგილების კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ, ადამიანის უფლებებისა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების ანალიზს მიეძღვნა.

ქეთევან ხუციშვილმა ევროპის რეგიონის უნივერსიტეტებში საერთაშორისო სისხლის სამართლის, ჰუმანიტარული, მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართლის სწავლებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღანელობით სამართლის ამ დარგებში შემოღებული სწავლებისა და კვლევის მიმართულებები და პრაქტიკა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა