6-14 დეკემბერს, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში, კონცერტები გაიმართება

6-14 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში კონცერტები ჩატარდება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მიიღებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონცერტები 6 დეკემბერს ცნობილი გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერისა და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტის ოზგურ აიდინის წარმოდგენით გაიხსნება და მას საქართველოს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს.

8 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი - ლელა მჭედლიძე), რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით და სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა.

10 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს კანადაში მცხოვრები გამოჩენილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი. საღამო საქართველოს ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარდება.

14 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს პოლონეთის ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სიმფონიური ორკესტრის - ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის (დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი) და პოლონელი პიანისტის, შიმონ ნერინგის კონცერტს - „პოლონური მუსიკა თბილისში“.

ღონისძიება თანადაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან.

„მსოფლიოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩასატრებლად წარმატებით იყენებენ არატრადიციულ, ალტერნატიულ სივრცეებს, ისეთებს, როგორიცაა ამორტიზებული ფაბრიკები და ქარხნები, მუზეუმებისა და გალერეების დარბაზები, ბიბლიოთეკები და სხვა, რაც, ერთი მხრივ, ემსახურება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, ზრდის მსმენელთა უფრო ფართოდ მოზიდვას.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: სასტუმრო IOTA, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს მწერალთა სახლი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, საქართველოს ხელოვნების სასახლე, რადიო "ფორტუნა", Artarea TV, საზოგადოებრივი მაუწყებელი, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა