საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს სახალხო დამცველი შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს სახალხო დამცველი შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა, რაც არხის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის, რასაც სახალხო დამცველი აკვირდება.

„ჟურნალისტებისგან რა ინფორმაციაც მოვისმინე, შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ საკმაოდ სახიფათო პროცესებთან გვაქვს საქმე. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ცალკეულ ჟურნალისტებს ეხებოდეს. თუ ასე გაგრძელდა, საფრთხის წინაშე დგება კრიტიკული მაუწყებლობა,"- განაცხადა ლომჯარიამ.

თავის მხრივ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლის საფრთხე არსებობს. მათივე თქმით, არხის დირექტორთან გიორგი კოხრეიძესთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ.

„არხის დირექტორს კომუნიკაციის სრულიად მიუღებელი ფორმა აქვს არჩეული. მისი საქმე არ არის, რა კითხვებს დასვამენ ჟურნალისტები და რა ფონზე ჩაწერენ რესპოდენტს. არსებობს საფრთხე, რომ დირექტორი სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. სწორედ ამ ყველაფერზე მივაწოდეთ ინფორმაცია სახალხო დამცველს",- განაცხადა გადაცემა „ჰეშთეგის" ჟურნალისტმა მალხაზ რეხვიაშვილმა.

სახალხო დამცველი დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელს გიორგი კოხრეიძეს შევხდება.