სოფო კილაძე - „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ არ მოვიდნენ, თუ პერფორმანსების მოწყობა უნდათ, კი ბატონო

ვერ მივიღებ ამ ბრალდებებს, მეტსაც გეტყვით, ძველი "სირცხვილიას" და ახლანდელი "გაბედეს" მოძრაობის წევრებთან შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მის მაჟორიტარულ ბიუროსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის იყო შეხვედრა დანიშნული, თუმცა, აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრის სურვილი არც ამ ფაქტის შემდეგ გამოუთქვამთ. სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა მიზანი შოუს დადგმაა და ისინი გულწრფელები არ არიან.

„ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ჩემს მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ, ხედავთ, რომ ჩვენ არავითარი მხარდამჭერების მობილიზება არ მოგვიხდენია. იქ არის სამუშაო პროცესი და ძალიან კარგი იქნება თუ ხელს არ შეუშლიან. რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც ჩემამდე მოვიდა მათი მხრიდან, თითქოს მე არ გამოვდივარ კონტაქტზე, არ ვეკონტაქტები ჟურნალისტებს, არ ვაკეთებ განცხადებებს და საერთოდაც, ამ თემაზე თავს ვიკავებ, ვერ მივიღებ ამ ბრალდებებს, მეტსაც გეტყვით, ძველი „სირცხვილიას“ და ახლანდელი „გაბედეს“ მოძრაობის წევრებთან შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ. მათ თუ ახლა პერფორმანსები მოწყობა უნდათ, კი ბატონო, მაგრამ ეს პერფორმანსები მოკლებულია გულწრფელობას. ამათ აქვთ ნებისმიერ დროს ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობა და ისინი მაინც ირჩევენ ამ გზას, რომელსაც შემდეგ შეიძლება რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს და ვფიქრობ, ეს არის გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ შოუები დაიდგას,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატი პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიცია პროფესიონალურად და ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე მოქმედებს, ხოლო თუ ვინმეს რაიმე დარღვევის შესახებ აქვს ინფორმაცია, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

"თუ არ მოხდება რეაგირება, მაშინ მოდით, ყველა კონკრეტული შემთხვევა განვიხილოთ და ვთქვათ თუ რატომ არ მოხდა რეაგირება და მართლა იკვეთება თუ არა პოლიტიკური მიკერძოება, მაგრამ ასე შაბლონურად საუბარი, რომ არ მოახდინა რეაგირება და პოლიცია პოლიტიკურად მიკერძოებულია, არ მგონია სწორი,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გაბედეს“ წევრებმა სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია გამართეს. აქტივისტები ბიუროსთან ჩაფხუტებით მივიდნენ. მათი განმარტებით, "ქართული ოცნება" ყველგან კონტრაქციას ახვედრებს და ეს ჩაფხუტები თავდაცვის მიზნით აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა