ქედის მერი ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მასზე ცუდი არაფერი სმენია და გამოძიების შედეგებს ელოდება

ტარიელ თურმანიძე ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა, მასზე ცუდი არასდროს მსმენია,- ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ლევან გორგილაძის თქმით, მისთვის საქმის დეტალები უცნობია და გამოძიების შედეგებს ელოდება.
"თურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც გავიგე ტარიელ თურმანიძის დაკავება ბათუმში მოხდა, სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. ტარიელ თურმანიძე ქედის მერიაში აღნიშნულ თანამდებობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. მასზე ცუდი არასდროს მსმენია, მე 2017 წლიდან ქედის მერიაში ვმუშაობ. ამ ეტაპზე ფაქტს ვერანაირად ვერ შევაფასებ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს",- განაცხადა ლევან გორგილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატ ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

























