მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს.

„მაშინ, ჩვენ გვჭირდებოდა პრაქტიკულად ყველა დეპუტატის თანხმობა და თუ ყველა დეპუტატი არ დაეთანხმებოდა იმ გადაწყვეტილებას, რაც გუნდმა მიიღო, ეს გადაწყვეტილება ჩავარდებოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო სიტუაცია. ახლა იმ იდეას, რომელსაც აყენებს დეპუტატების ნაწილი, უნდა დაეთანხმოს ყველა, დეპუტატების დანარჩენი ნაწილი, რაც არ მოხდება ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ვამბობ მყარად, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ისინი ამბობენ - ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ ხელმოწერებს, კი ბატონო, მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, მე არ ვფიქრობ, რომ შეგროვდება მილიონი ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე, ყველა მსგავსი სისტემა, სრულად მაჟორიტარული, შერეული, პროპორციული - ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. შეუძლებელია პარლამენტში დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს სრულად მაჟორიტარულ სისტემზე გადასვლის იდეამ. საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა საკითხმა დაპირისპირება უმრავლესობაში, მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ამაზე მხოლოდ კამათი მიმდინარეობს.

„არ დაგიდასტურებთ დაპირისპირებას. ამაზე საუბრობდნენ რამდენიმე დღის წინაც, როდესაც ჩემს ოთახში ხდებოდა კამათი და ჩვენ არასდროს უარვყოფთ კამათს მსგავს საკითხებზე, მაგრამ, გთხოვთ, ამას დაპირისპირებას ნუ დავარქმევთ. მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძეს, ასევე გოგა გულორდავას, აქვთ იმის ლეგიტიმური უფლება და ვერავინ ვერ წაართმევთ, რომ ილაპარაკონ ნებისმიერ მსგავს თემაზე, მაგრამ მეორე საკითხია, ჩვენ დავეთანხმებით თუ არა ამაზე. როდესაც საზოგადოებაში არის კონსენსუსი იმაზე, რომ პროპორციული სისტემა ამ ქვეყნისთვის არის კარგი, აბსოლუტურად საპირისპირო სისტემაზე არც უნდა ვისაუბროთ“-, განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა