ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროში ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბავარიის ჯანდაცვის უწყების საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელმა რობერტ აუარესმა ქართულ მხარეს ჯანდაცვის სისტემის გერმანული მოდელი გააცნო და სადაზღვეო სისტემის, მათ შორის, სახელმწიფო სავალდებული დაზღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრის მთავარი მიზანი ჯანდაცვის სისტემის გერმანული მოდელის და სადაზღვევო სისტემის შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება იყო. განვიხილეთ ბავარიის ჯანდაცვის სისტემა, ჯანმრთელობის და ხანგრძლივი მოვლის დაზღვევის სქემა. შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან შედგა, რომელთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ქართულ მხარეს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება,“ - განაცხადა ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელმა რობერტ აუარესმა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საქართველოში სადაზღვევო სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას, ასევე ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას.

„გავეცანით ბავარიის ჯანდაცვის სისტემის თავისებურებებს. ძალიან საინტერესოა სადაზღვევო მექანიზმების მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვა მოხდეს მარეგულირებლის დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი ხელმისაწვდომობა სერვისებზე, ასევე შენარჩუნდეს ხარისხი და მოცული იქნას საჭიროებების სრული სპექტრი დაწყებული მწვავე მოვლის საჭიროებებიდან დასრულებული რეაბილიტაციის სერვისებით. ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის საჭიროებებზე. ვისაუბრეთ ყველა იმ დეტალზე, რასაც გავითვალისწინებთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის დაგეგმვის პროცესში“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბავარიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელს რუდოლფ ბურგერს შეხვდნენ და ექიმთა პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებებს გაეცნენ. აღნიშნული სისტემა გერმანიაში სავალდებულოა, როგორც ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის შენარჩუნების თვალსაზრისით.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოში ამჟამად ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ახალი სისტემის დანერგვაზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი. მნიშვნელოვანია, რომ ექიმების ერთობლივი მუშაობით და უწყვეტი პროფესიული განათლების გზით, დაინერგოს მომსახურების საუკეთესო სტანდარტები.

„ბავარიის ექიმთა ასოციაცია წარმოადგენს საჯარო კორპორაციას, რომელშიც გაწევრიანებულია ბავარიის ყველა მოქმედი ექიმი. ასოციაციის მთავარი ფუნქცია ექიმების შემდგომი განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, ასევე მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების მონიტორინგია. ქართულ მხარეს ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ასოციაცია. გავუზიარეთ გამოცდილება პროფესიული თვითორგანიზაციის, თვითმმართველობის შესახებ“, - განაცხადა ბავარიის ექიმთა ასოციაციის დირექტორმა რუდოლფ ბურგერმა.

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა