დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ და დავაანონსეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ ვაგრძელებთ პროცესს, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე, კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღო.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ განსხვავებული სხვა შეხვედრებისაგან. არ იყო აქ ზედმეტი დაძაბულობა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კანონპროექტი წარგვედგინა და დაგვესვა ის ძირითადი კითხვები, რასაც არაერთხელ ვცდილობდით. ვცდილობდით მიგვეღო პასუხები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ. ჩვენ არ ვეხებით შერეულ საარჩევნო სისტემას, რომელიც გვაქვს 2020 წელს. ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ შემდგომი არჩევნები, სრულად პროპორციული სისტემა და საკონსტიტუციო ჩანაწერები იძლევა საშუალებას და საფუძველს იმისა, რომ დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში, მათთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ამ სისტემით შეიქმნება არასტაბილური პოლიტიკური გარემო და ეს იქნება მუდმივად რყევადი და ქუჩური გარჩევების საგანი. ხედავთ, რომ დესტრუქციული ძალა ქუჩაშია და ისინი ამას ძალიან კარგად იყენებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ საკითხებზე ჩვენ გვჭირდება ამომწურავი პასუხი და ვერ მივიღეთ ეს პასუხები. მოვისმინეთ იგივე, რაც აქამდე,“ - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმარისი არ იყო, თუმცა მომდევნო შეხვედრის ჩანიშვნაზე მმართველი გუნდისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო.

„მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა ამაზე მე დადებითი პასუხი ვერ მივიღე, ვერც კითხვებზე მივიღე პასუხები, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს, გავალთ ხალხში, გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს, ჩვენ ვიცავთ ყველა პროცედურულ საკითხს. ამასთან, ჩვენ ვიცავთ შიდაგუნდურ წესებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ და დავაანონსეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ ვაგრძელებთ პროცესს,“ - განაცხადა ხუნდაძემ და იქვე დააკონკრეტა, რომ ორპალატიანი პარლამენტის იდეას უკვე 30 დეპუტატი უჭერს მხარს.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მას კანონმდებლობით აქვს უფლება შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა, კანონპროექტი წარუდგინოს პარლამენტს და დროულად აღმოფხვრას ის პრობლემები, რომელიც კანონში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მომავალში გამოიწვიოს. გარდა ხელმოწერების შეგროვებისა ხუნდაძე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებასაც აანონსებს ორპალატიან პარლამენტთან დაკავშირებით. რაც შეეხება კითხვას, გავა თუ არა ის მმართველი გუნდიდან - დეპუტატი შემდეგი რეპლიკით შემოიფარგლა: „ არ ვაპირებ გუნდიდან გასვლას, მაგრამ ხალხში გასვლას კი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა