გრიგოლ ვაშაძე - დღესაც, ხვალაც და ზეგაც იქნება პროვოკაციები, რადგან ამ ე.წ. ხელისუფლებას სხვა არაფერი შეუძლია

დღევანდელი აქციის მიზანია პროპორციული არჩევნები და ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და ოლიგარქატის ისტორიის საგანგვეში ჩაბარება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ქუთაისში, საპროტესტო მსვლელობისას განუცხადა.
ვაშაძემ შეფასება გააკეთა იმ ინციდენტებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც ოპოზიციის წევრებთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი.
„დღესაც, ხვალაც და ზეგაც იქნება პროვოკაციები, რადგან ამ ე.წ. ხელისუფლებას სხვა არაფერი შეუძლია: არც განვითარება, არც შენება, არც განათლება, არც ჯანდაცვა, არც ბიუჯეტი - არაფერი შეუძლიათ გარდა იმისა, რომ მუდმივად მოუწყონ საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციები. თვითონ ეს ხელისუფლებაა 2012 წლიდან პროვოკაცია,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და აღმაშენებლის მოედანზე, ქუთაისის მერიასთან დასრულდება, სადაც აქცია გაიმართება და ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ.
აქციის გამო გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა.

























