ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციასა და საწარმოო პოტენციალს გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებმა ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერეს და საექსპორტო პროდუქციის პერსპექტივები განიხილეს.

„ექსპორტის გარდა, ქართული წარმოების განვითარების მიზნით, გარკვეული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობები განიხილება. თავდაცვის ძალები უკვე მოიხმარს ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ტყვია-წამლის წარმოებასთან დაკავშირებით. საწარმო შეძლებს, უმაღლესი სტანდარტის პროდუქციით უზრუნველყოს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები როგორც საბრძოლო, ასევე ფუჭი/სასწავლო ვაზნებით, რაც მკვეთრად დადებითად იმოქმედებს საქართველოს მზაობაზე, უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯავშანტექნიკის საამქროში მინისტრებმა მრავალფუნქციური უახლესი მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომრის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, მათ შორის საპატრულო, სადაზვერვო, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები დაათვალიერეს.

საჩვენებელ ტექნიკას შორის იყო „დელტას“ წარმოებული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენის პროტოტიპი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება და, საბოლოო ჯამში, ადგილობრივი ძალებით შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების მრავალფუნქციური ვერტმფრენის შექმნას ისახავს მიზნად. უწყებაში, განმარტავენ, რომ საფრენ აპარატს როგორც სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, ისე ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი რაკეტებით შეეძლება.

ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტაში“ ლაზერული ჭრის უბნის, ინსტრუმენტული და მზა ნაკეთობების საამწყობო საწარმოებსაც ესტუმრა და ახლად შეძენილი ხარისხის კონტროლისა და გამოწრთობის დანადგარები დაათვალიერა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სტუმრობის შემდეგ თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები „თამ მენეჯმენტის“ მუშაობის პროცესს გაეცნენ. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრებს „თამ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ მიაწოდა.

თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა კომპანიის მენეჯმენტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა