აჭარაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" იურისტთა ჯგუფი შექმნა

აჭარაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" იურისტთა ჯგუფი შექმნა. როგორც ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა, იურისტთა ჯგუფი იმ სამართალდამცავთა და საჯარო მოხელეების საქმიანობას შეისწავლის, „რომლებმაც 20 ივნისიდან დღემდე, აქციების დროს მოქალაქეთა უფლებები დაარღვიეს და იძალადეს“.
მირდატ ქამადაძის თქმით, მოძალადე საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავებს მედიის მიერ გადაღებული ვიდეო კადრებით გამოავლენენ და საქმეს პროკურატურას შესასწავლად გადასცემენ.
„ჩვენ გავასაჯაროებთ მათ სახელებს ისე, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაირღვეს. საუბარი იქნება სავარაუდო კანონდარღვევაზე, რომელსაც შესასწავლად პროკურატურას გადავუგზავნით. მასალებს ისედაც გასაჯაროებული ვიდეოკადრებიდან ავიღებთ, რომელიც მედიის სხვადასხვა საშუალებით გადაიცა. ძალადობა არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიხილეთ ძალადობის 20 ივნისის შემდეგ, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სამართალდამცველების პარალელურად, ძალადობის ნიშნებს ხულოში, შუახევსა და ქობულეთშიც ჰქონდა ადგილი საჯარო მოხელეების მხრიდან“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

























