11 დეკემბრიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ექსპოზიციას-მარადიული რომი, რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, კაპიტოლიუმის მუზეუმების ანტიკური მოზაიკის შემდეგ, „მარადიული რომი, რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან" ექსპოზიციას წარმოადგენენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს წარმოაჩენს, რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.

„დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ძვ.წ.აღ. I საუკუნიდან XVIII საუკუნემდე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, გაეცნოს იმდროინდელი მასალის მრავალფეროვნებას და აღმოაჩინოს „მსოფლიო დედაქალაქის" (Caput Mundi) მარადიული ხიბლი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქანდაკების თითქმის ორი ათასი წლის ისტორია, მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილი რომაელთა სახეები და ასევე, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟები თუ ქრისტიანობის მთავარი ფიგურები.

ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილს შეადგენს და ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული იტალიური გამოფენების (მათ შორის, ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და რენესანსის ეპოქის სხვა გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, ჩრდ. იტალიის მხატვრობის ძირითადი სკოლების წარმომადგენლების, თანამედროვე მხატვრების და მათ შორის, ჯორჯო დე კირიკოს შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდოსადმი მიძღვნილი გამოფენების) გაგრძელებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური ექსპოზიციები 240.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა იხილა.

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. იტალიური მხრიდან: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში და „დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი", ქართული მხრიდან კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენები მომზადდა იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან თანამშრომლობით. გამოფენა 11 დეკემბერს გაიხსნება და 2020 წლის 29 თებერვლამდე გასტანს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის