თსუ 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის, თსუ მიღებას გამოაცხადებს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებული და ქიმია ACS სერტიფიცირებული პროგრამებზე. პროგრამები დღეს თსუ-მ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) ერთობლივად წარადგინეს.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფესორი ჰალილ გუვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ეს პროგრამები პირველი მერცხალია, მათგან ორმა აკრედიტაცია მიიღო, რაც აგვისტოში ფორმალურად დადასტურდება. მომავალ სასწავლო წელს მიღება გამოცხადდება ABET აკრედიტებულ პროგრამებზე, რაც ნიშნავს, რომ დიპლომი იქნება საერთაშორისო წონის მქონე“, - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტთან შეთანხმება ხდება აკრედიტებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთდროულად თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემაზე. ამასთან, უკვე აშშ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ქიმიის პროგრამის სერტიფიცირების საკითხი წყდება. „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა რეგიონში. ყველას ვულოცავ, ძალიან ხანგრძლივი, 5 წლიანი პროცესი შევძელით და 3 წელში გავიარეთ, აღიარებამაც არ დააგვიანა”, - აღნიშნავს თსუ-ს რექტორი.

SDSU დეკანის საქართველოში, პროფესორ ჰალილ გუვენის თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია საქართველოში უკვე შესრულებულია.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს, ჩვენი პირველი მისია იყო,რომ გვყოლოდა პირველი გამოშვება და კურსდამთავრებულები საქართველოში, ეს მიზანი მიღწეულია, ხოლო მეორე მიზანი იყო, რომ ჩვენი გამოცდილება გადაგვეცა პარტნიორი უნივერსიტეტებისათვის და დავხმარებოდით მათ, გავარემონტეთ ლაბორატორიები, სასწავლო ოთახები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოსალოდნელზე ადრე შეძლო საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება პროგრამებზე, მომავალში დაგეგმილია დანარჩენი ორი უნივერსიტეტის პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება”, - განაცხადა პროფესორმა ჰალილ გუვენმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, რომ ABET -ისა და ACS - ის აკრედიტებული სპეციალისტები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რადგანაც საერთაშორისო აკრედიტაცია, როგორიც არის ABET და ამერიკის ქიმიის საზოგადოება, პირველად ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგში შემოდის საქართველოში და ინვესტიციას ახორციელებს, ითხოვს სწორედ ამ სერტიფიცირების და აკრედიტაციის მქონე კურსდამთავრებულებს. თსუ კი გახლავთ პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა“, - აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

„ეს დიპლომი მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ისეთივე ხარისხის განათლება საქართველოში, როგორსაც მივიღებდით საზღვარგარეთ. მე აღარ მაქვს იმის აუცილებლობა, რომ წავიდე უცხოეთში, ან სან-დიეგოში სასწავლებლად, რადგან იგივე ხარისხის განათლებას მივიღებ აქ, საქართველოში“, - აღნიშნავს თსუ-ში სან დიეგოს უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის, მეორე კურსის სტუდენტი, გიორგი ბოხოჩაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - მოიცავს $34 მლნ ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.

შედეგად, მათივე ცნობით, 2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის