პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა

თბილისის აეროპორტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პროკურატურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას სპორტსმენ ბადრი გავაშელიშვილის ცემის ფაქტს ედავება, ხოლო გავაშელიშვილი კი დაზარალებულადაა ცნობილი.

საქმეზე ასევე ძალადობის მუხლით ბრალდებულია პირი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ევროპული საქართველოს“ ასევე დეპუტატს, გოკა გაბაშვილს.

როგორც საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, კონფლიქტში მონაწილეობდა ოთხი პირი, რომელთა შორის იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი. ხოლო მეორე მხარეს კი ორი ადამიანი წარმოადგენდა. პროკურორის განმარტებით, თავდაპირველად წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც პროკურორი გიორგი ქობულაძე ამბობს, უგულავას პროკურატურა ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება, რადგან ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ „ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიორგი უგულავა“.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, შესწავლილია გიგი უგულავას სხეულზე არსებული დაზიანებები, უფრო კონკრეტულად კი, კონფლიქტში მონაწილე ოთხივე პირი წარდგენილია ექსპერტთან. პროკურორ გიორგი ქობულაძის თქმით, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები და ძირითად, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც დაზარალებულთა მიმართ არსებულ დაზიანებებს ასახავს.

„არ არის გამორიცხული შემდგომში რაიმე შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც არის დადგენილი, ირკვევა, რომ კონფლიქტში მონაწილეობდა 4 პირი. ამათგან ერთ მხარეს იყვნენ გიორგი გაბაშვილი და გიორგი უგულავა, ხოლო მეორე მხარეს იყო კონფლიქტში მონაწილე ორი სხვა პირი. ამ ეტაპზე საუბარია ცემაზე, გამომდინარე იქედან რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის მიღებული კონკრეტულად, თუ რა სახის დაზიანება აქვს დაზარალებულს.

ამ დროისთვის, გიორგი უგულავას ბრალი ედება ერთი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. თავის მხრივ, იმ ორი პირიდან, რომლებიც უგულავასა და გაბაშვილის საპირისპირო მხარეს იყვნენ, მათგან ერთ-ერთს ბრალი ედება გიორგი გაბაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, იგივე მუხლითაა ბრალი დაკვალიფიცირებული, რაც უგულავას ქმედებაა დაკვალიფიცირებული“, - განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

მისი თქმით, პირი, ვინც უგულავამ სცემა, მას დაზიანებები აღენიშნება, რაც დადგენილია არამარტო მოწმეთა ჩვენებებით და პოლიციელთა ვიზუალური დაკვირვებით, არამედ იგივე წერია ექიმის შესაბამის აქტში.

„დაზიანებები, ექსკორაციები ძირითადად არის სახის არეში, თუმცა ეს არის პირველადი მონაცემები, ეს არის ექიმის ცნობა, ვიზუალური დაკვირვებები და მოწმეთა ჩვენებები. საბოლოოდ, რა ხარისხის დაზიანება აქვს მიღებული ამ პირს ამაზე პასუხს გასცემს სამედიცინო ექსპერტიზა“, - განაცხადა პროკურორმა.

ქობულაძის განმარტებით, ბრალდების მხარე გიორგი უგულავას მიმართ 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას შუამდგომლობს, ასევე მოითხოვს საგამოძიებო ორგანოებისათვის მისი პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარებას . პროკურორის განმარტებით, სასამართლოს იგივე სახის შუამდგომლობით მიმართავენ ასევე მეორე პირის მიმართ, რომელმაც თავის მხრივ, დაზიანება მიაყენა გიორგი გაბაშვილს.

„ ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ ამოღებულია ჩამწერი მოწყობილობა, რაზეც იწერებოდა ვიდეო-მასალა. რაც შეეხება, ვიდეო-მასალის გამოთხოვას, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ამ კატეგორიის დანაშაული არის ნაკლებად მძიმე დანაშაული,კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის ვიდეო-მასალის გამოთხოვა გამოძიების მიერ. თუმცა, ვნახოთ, ყოველშემთხვევაში ჩამწერი მოწყობილობა ამოღებული გვაქვს, რათა არ წაიშალოს და არ განადგურდეს.

ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რომელიც თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირების საფუძველზე დაიწყო, რაც შემდეგ უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადავიდა. კონკრეტულად სიტყვიერი დაპირისპირება არცერთი პირის ბრალდებაში არ ფიგურირებს. გიორგი უგულავა და მისი თანმხლები პირი ამ სიტუაციას სხვაგვარად აღწერენ, მეორე მხარეც სხვაგვარად აღწერს, საუბარი მაქვს სიტყვიერ დაპირისპირებაზე. ამიტომ, ასი პროცენტით დადასტურებულად, თუ ვინ იყო ინიციატორი არ მოგახსენებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“.- განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა