ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.

წერილის თანახმად, სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია.

საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას უკვე გააჩნია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებით ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომისა და ბაკურიანის კანდიდატურა წარადგინა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ორგანიზაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ბორჯომი/ბაკურიანი მასპინძლობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა. იმედია, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლებას სწორედ საქართველოს მიანიჭებს“,-განაცხადა შალვა გოგოლაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა