მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გაკეთებულ ე.წ. დღგ-ების საქმეზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ამ საქმეთაგან ერთ-ერთი საქმის ბრალდებულ ბიზნესმენს, მიმაჩნია, რომ ბატონი მინისტრის ქვეყნის საკანონდებლო უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება შეიცავდა არაერთ ცრუ და დაუზუსტებელ ფაქტს, თანაც მტკიცებით ფორმაში, მაშინ, როცა აღნიშნულზე სასამართლო განხილვები არც კი დაწყებულა და მან კი უკვე დამნაშავედ გამოაცხადა, რითაც ერთის მხრივ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, ხოლო მეორეს მხრივ მისი ამგვარი განცხადებით შესაძლებელია ერთგვარი ზეგავლენა მოხდეს ისედაც არაობიექტურად ნაწარმოებ საქმეზე.
შეფასების საკითხია ზოგად ბიზნესმენად ვინ შეიძლება იწოდებოდეს და ვინ არა, თუმცა ნამდვილად მაინტერესებს ბატონი მინისტრისეული განმარტება ბიზნესმენის შესახებ, რადგან ვთვლი, რომ კლასიკური გაგებითაც და სიტყვის ეტიმოლოგიური გაგებითაც მე, გიორგი თოფჩიშვილი, ნამდვილად გახლავართ ბიზნესმენი, რომლის საქმიანი რეპუტაციის შელახვას სამწუხაროდ კიდევ ერთხელ შეეცადნენ ზემოხსენებული განცხადებით.
მე მზად ვარ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო ნებისმიერ ობიექტურ და გამჭვირვალე სასამართლოში. ამდენად კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა დაინტერესებულ ობიექტურ დამკვირვებელს, მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნულ საქმეს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღგ-ს თაღლითობის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა: „ძალიან მცდარადაა წარმოჩენილი აზრი, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებულები. მინდა გითხრათ, რომ ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. ბევრი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომლები არიან, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, მეტსაც გეტყვით, პროკურატურის. ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, რომელიც რეალურად არც არასდროს ყოფილა ბიზნესმენი და წარსულში სხვადასხვა თაღლითობაში მონაწილეობდა“.
(R)