დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის შეთავაზების კრიტიკაზე - უმთავრესია, იფიქრონ ქვეყნის სტაბილურობაზე და არა უმისამართო შეურაცხყოფაზე

ყველას მოვუწოდებ კორექტულობისკენ, უმთავრესია იფიქრონ ქვეყნის სტაბილურობაზე და არა უმისამართო შეურაცხყოფაზე, - ასე პასუხობს მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში მიღებულ შეთანხმებაზე ოპოზიციის კრიტიკას.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2020 წელს შერეული სისტემით არჩევნების ჩატარებას და კონსტიტუციაში „ხიფათის შემცველი ჩანაწერის" გასწორების დაპირებას გულისხმობს, მათ დროებით დათმეს და ამ ეტაპზე არ მოითხოვენ 2024- ისათვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.

„შეთანხმება უმრავლესობაში შედგა, ყველა ხმა იქნება სასარგებლოდ სახიფათო საკონსტიტუციო ჩანაწერის გასასწორებლად და ვიტოვებ იმედს, პარლამენტში უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების გარდა იქნებიან სხვებიც, ვინც უპირატესობას მიანიჭებენ ქვეყნის სტაბილურობას და საკუთარ ინტერესებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თუმცა, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმების მიუხედავად, ხალხში გასვლა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით მაინც მოუწიოთ.

„შეიძლება ასეც განვითარდეს ეს მოვლენები, რომ გავხადოთ ხალხში მაჟორიტარული სისტემა უფრო ჟღერადი და გავხადოთ დეპუტატები იძულებულები, კარგი გაგებით, რომ გაითვალისწინონ საზოგადოების აზრი,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, „მაჟორიტარები რა შემთხვევაში გაიწვევენ უკან თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით“

„2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. მდინარაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან, იმ შემთხვევაში კი თუ მმართველი პარტია ამ გარანტიის შექმნას ვერ შეძლებს, მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა